თუშური გუდის ყველის ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) მისი მხარდამჭერი იყო.
ფესტივალი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, აგროტურისტულ მეურნეობა ,,ითაბანში” თუშეთის განვითარების ფონდის ორგანიზებით გაიმართა და გუდის ყველის 20-ზე მეტი მწარმოებელი გააერთიანა.
აქტივობის მიზანი თუშური გუდის ყველის პოპულარიზაცია და პროდუქტის რეალიზაციაში ფერმერების მხარდაჭერა იყო. ასევე თუშური გუდის ყველის მწარმოებელი ფერმერების წახალისება და თუშური კულტურისა და ტრადიციების გაცოცხლება აქტივობის მნიშვნელოვან შემადგენელ კომპონენტებს წარმოადგენდა.
ფესტივალის სტუმრებმა ცხვრისა და ძროხის გუდის ყველი ადგილზე დააგემოვნეს და თუშური სამზარეულოს მასტერკლასებში ჩაერთვნენ. ღონისძიებაზე განთავსებული იყო GFA-ს კუთხე, სადაც სტუმრებს ფუნქციური, მინიატურული ფერმისა და სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორების რეალური, მინი მოდელების დათვალიერება შეეძლოთ.
ამ დღის კულმინაციური მომენტი სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულების გამოვლენა იყო. საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ,,წლის ქალ ფერმერს”, რომელიც მარინე ღუზარაული გახდა, სიმბოლური საჩუქარი გადასცა.