საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ტრადიციულად, ევროპის დღის მასშტაბურ აღნიშვნას შეუერთდა. წელს ასოციაციის სივრცე საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, რამაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო „ჯიბის ბაღის“ კონცეფციამ. სტუმრები დეტალურად გაეცნენ სხვადასხვა ბოსტნეულის კულტურას. მათ გადაეცათ თესლები, რათა საკუთარ აივნებზე ჯანსაღი ბოსტნის მოწყობა მარტივად შეძლონ.
ასოციაციამ სიახლეები შესთავაზა ტექნოლოგიური სექტორით დაინტერესებულ სტუმრებსაც. სივრცეში გაიმართა თემატური ქვიზი აგრიტექის (Agritech) შესახებ, ხოლო გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ ფერმერთა ასოციაციის უახლესი წიგნი – AGRITECH AI. ამავე დღეს ჩვენს პარტნიორ World Vision in Georgia-თან ერთად გარე სივრცეში ჩატარდა ურბანული მებაღეობის ვორქშოფი და ასევე აპლიკაცია AgriVET-ის პრეზენტაცია. ყველა მომხმარებელმა, ვინც აპლიკაცია ადგილზე ჩამოტვირთა, ასოციაციისგან სიმბოლური საჩუქრები მიიღო.
გამოფენა-გაყიდვის სივრცეში საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა ასოციაციის ორმა წევრმა ფერმერმა. მათი წარმოების პროცესის გაუმჯობესება და განვითარება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება (CAPCA)“ ფარგლებში გახდა შესაძლებელი.



