Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ფიტოსანიტარიის მიმართულებით საქართველომ წლის ბოლომდე ევროკავშირის სამი დირექტივა უნდა გაითვალისწინოს

სანიტარული და ფიტოსანიტარიული ზომები (IV თავი, DCFTA) ითვალისწინებს საქართველოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან. ეს პროცესი  2027 წლამდეა გაწერილი და ჯამში 272 დირექტივასთან დაახლოებას გულისხმობს.  კონკრეტულად, სურსათის უვნებლობის სფეროში გასათვალისწინებელია 101, ვეტერინარიის სფეროში – 84 და მცენარეთა დაცვის სფეროში 87 დირექტივა. მხოლოდ მცენარეთა დაცვის მიმართულებით 2015-2017 წლებში ევროკავშირის 10 დირექტივის გათვალისწინება უნდა მოხდეს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა ინაურის ცნობით ფიტოსანიტარიის მიმართულებით ჩამორჩენა არ შეინიშნება და შესაბამის დირექტივებთან დაახლოების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს:

“დაახლოების პროცესში მივიღეთ დადგენილებები და ნორმატიული აქტები, ზოგიერთი პუნქტი შესაბამისობაში იყო ევროდირექტივასთან და არ დაგვჭირდა დამატებითი ცვლილების განხორციელება. დადგენილებების შემოღება უკვე გულისხმობს დაახლოებას და მოცემული დირექტივების გათვალისწინებას, თუმცა ცალკე საკითხია მათი ძალაში შესვლა, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. 2017 წელს მცენარეთა დაცვის მიმართულებით სულ 3 დირექტივასთან უნდა მოვახდინოთ დაახლოება, ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ არის შესრულებული და მიმდინარეობს შესაბამის კანონმდებლობაზე მუშაობა”- განაცხადა ლაშა ინაურმა.

წლის ბოლომდე შესასრულებელი სამი დირექტივიდან ორი კარტოფილის მურა სიდამპლისა (98/57/EC) და კარტოფილის რგოლური სიდამპლის კონტროლს (93/85/EC) ეხება, ამათგან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დასრულებულია მუშაობა კარტოფილის რგოლური სიდამპლის კონტროლის შესაბამის კანონმდებლობაზე, ხოლო ამ დრომდე მიმდინარეობს  –  კარტოფილის მურა სიდამპლის(ვილტის) კონტროლის შესაბამის კანონმდებლობაზე. მესამე დირექტივა (2004/103/EC) ეხება გარკვეული მცენარეების, მცენარეთა პროდუქტებისა და სხვა ობიექტების იდენტურობის და სიჯანსაღის შემოწმებას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მათი ევროკავშირში შემოტანის პუნქტის გარდა სხვა ადგილზე. დირექტივით განსაზღვრულია ამ შემოწმებებთან დაკავშირებული პირობები. ამ დირექტივასთან დაახლოება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ არ დაყოვნდეს მცენარეები და მცენარეთა პროდუქტები დიდხანს საზღვარზე და არ შეიქმნას გრძელი რიგები. ლაშა ინაურის ცნობით ამ მიმართულებით მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს და სამინისტრო შემოსავლების სამსახურისგან ელოდება დოკუმენტის იმ ნაწილის გადმოგზავნას, რაც უშუალოდ მის საქმიანობას ეხება.

სანამ ზემოხსენებულ დირექტივებთან დაახლოება მოხდება თვალი გადავავლოთ წინა წლებში განხორციელებულ აქტივობებს ფიტოსანიტარიის მიმართულებით, რომლებიც აისახა გასული წლების სამოქმედო გეგმებსა და ამ გეგმების შესრულების ანგარიშებში. ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებისათვის 2014 – 2017 წლების სამოქმედო გეგმის  სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ნორმების ნაწილში ერთ-ერთი პრიორიტეტია არსებული სურსათის უვნებლობის სტრატეგიისა და საკანონმდებლო დაახლოების დასრულება, რისთვისაც ფიტოსანიტარიის მიმართულებით უნდა მომზადდეს და ძალაში შევიდეს მეორადი კანონმდებლობა, მცენარეთა მავნე ორგანიზმების კონტროლსა და მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსების შესახებ. ეს აქტივობა უფრო კონკრეტულად გაიწერა 2015 წლის სამოქმედო გეგმაში. ამის საპასუხოდ 2015 წლის გეგმის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილია  საქართველოს მთავრობის რამდენიმე დადგენილება:

  1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის №8 დადგენილება ,,საერთაშორისო გადაზიდვებისასტვირთის ფიტო- სანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესის დამტკიცების თაობაზე”; ეს დადგენილება შეტანილია 2014-2017 წლების გეგმის 2014 წლის  შესრულების ანგარიშშიც;
  2. „ტექნიკური რეგლამენტის – ცდის, სამეცნიერო კვლევისა და სელექციური სამუშაოსათვის მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის საქართველოში შემოტანის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აპრილის N190 დადგენილება;
  3. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვარის დადგენილება №11 „ტექნიკური რეგლამენტის – სიმინდის დასავლეთის ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე”; ეს დადგენილება როგორც ვხედავთ, 2016 წლით თარიღდება, თუმცა შეტანილია 2015 წლის ანგარიშში. ამ წლის გეგმის შესრულების ანგარიშში ფიტოსანიტარიის მიმართულებით კიდევ 2 2016 წლით დათარიღებული დადგენილებაა შეტანილი.

2015 წლის სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდა ასევე 2014-2017 წლების გეგმიდან დარგობრივი პრიორიტეტების შემუშავება და არსებული სურსათის უვნებლობის სტრატეგიის გადახედვა, იმისათვის, რომ მოხდეს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა სფეროს დაფარვა. ამისათვის შემუშავდა საკანონმდებლო ღონისძიებების დაახლოების სია პრიორიტეტული სფეროების მიხედვით, ასევე ამ პრიორიტეტის შესასრულებლად სამწლიან პერიოდზე გაწერილია ტრენინგების პროგრამის შემუშავება და შესაბამისი ტრენინგების ჩატარება იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან საკანონმდებლო დაახლოების პროცესში.

2014-2017 წლების სამოქმედო გეგმაში ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტია: “კომპეტენტური ორგანოს მიერ ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და სურსათის უვნებლობის კუთხით სასაზღვრო შემოწმების უზრუნველყოფა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტზე”. ამ პრიორიტეტის შესასრულებლად მთავრობამ მიზნად დაისახა მუდმივი ინსტიტუციონალური განვითარება, რომელიც დაკავშირებულია ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და სურსათის უვნებლობის კუთხით სასაზღვრო ინსპექციის პუნქტზე ეფექტური შემოწმებების უზრუნველყოფასთან. ეს აქტივობა გაიწერა როგორც 2015 წლის, ასევე 2016 წლის სამოქმედო გეგმებში.

2015 წლის გეგმის შესრულების ანგარიშის მიხედვით ამ მიმართულებით დაგეგმილია ორი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის – კარწახისა და ფოთის სრულად აღჭურვა და ადლიის (საბაჟო გაფორმების ზონა სარფის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტთან) ფიტოსანიტარიული შენობის აღჭურვა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების (CIB) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 2015 წელს დასრულდა კარწახის სამაცივრე ოთახების მოწყობა, ხოლო სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის აღჭურვილობა კარწახის, ადლიისა და ფოთის სასაზღვრო-საინსპექციოპუნქტებისთვის  2016 წელს შეიძინეს.

ერთ-ერთ პრიორიტეტად 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება და ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაცია სახელდება, ამ მიზნით სამწლიან პერიოდზე გაიწერა შემდეგი აქტივობები:

  • შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის შესაბამის სამომხმარებლო ასპექტებთან დაკავშირებით.
  • საინფორმაციო/ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების ჩატარება ახლად მიღებული ან შესწორებული კანონმდებლობის ეფექტური განხორციელების შესახებ.

სანიტარული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების მიმართულებით კიდევ ერთი პრიორიტეტია: “ქართული ბიზნესის მომზადებისა და ადაპტაციის ხელშეწყობა, დაახლოებული სანიტარიული და ფიტოსანიტარიული კანონმდებლობის განხორციელებისთვის და სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის”, რომლის ფარგლებში ასევე 3 წლიან პერიოდზეა გაწერილი შემდეგი აქტივობები:

  • კერძო სექტორთან თანამშრომლობა და მისთვის დახმარების გაწევა, ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების მიზნით.
  • მიღებული კანონმდებლობის განხორციელების მიზნით, არსებული ლაბორატორიების გაუმჯობესება
  • სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის ინფრასტრუქტურითა და სათანადო აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

ეს აქტივობებიც ასევე გაწერილია 2015 და 2016  წლების სამოქმედო გეგმებში. კერძოდ, „წითელ ხიდზე“ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სანიტარული და ფიტოსანიტარიული (SPS) სასაზღვრო კონტროლისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არსებობა (შენობები) შესაბამისი აღჭურვილობით 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო და გაგრძელდება 2017 წლამდე. 2017 წლის გეგმის შესრულების 6 თვის ანგარიშის მიხედვით ამ დრომდე მიმდინარეობს, “წითელი ხიდის” SPS კონტროლისთვის აუცილებელი შენობის მშენებლობის პროცესი. ხოლო CIB პროექტის ფარგლებში შეძენილია ამ კონტროლისთვის საჭირო აღჭურვილობის ნაწილი.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმის 2014 წლის ანგარიშში ფიტოსანიტარიის მიმართულებით ჩამონათვალია იმ დადგენილებებისა და საკანონმდებლო აქტებისა, რომელიც განხორციელდება გეგმის შესაბამისად. ანგარიშის მიხედვით, დასრულებულია მუშაობა შემდეგი ნორმატიული აქტების პროექტებზე:

  1. კარტოფილის კიბოს კონტროლის წესი, რომლის მიზანია დაარეგულიროს შეზღუდულად გავრცელებული საკარანტინო მავნე ორგანიზმის კარტოფილის კიბოს გამომწვევის პათოგენის ფიტოსანიტარიული კონტროლი და მისი გავრცელების პრევენცია;
  2. სამეცნიერო კვლევებისა და სელექციური სამუშაოებისთვის ზოგიერთი მავნე ორგანიზმის, მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ობიექტის შემოტანის წესი.

შემოსავლების სამსახურის მიერ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მომზადდა და სამოქმედოდ იქნა შემოღებული ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტ/იმპორტის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში (საქართველოს მთავრობის №426, №427, №429 და №430 დადგენილებები) ცვლილებების პროექტები, რომლის თანახმად:

  1. ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ გამარტივდა ტრანზიტის პროცედურები. გაჩნდა რისკზე დაფუძნებული კონტროლის პროცედურა. იმ შემთხვევაში, როდესაც ფიტოსანიტარიული ტრანზიტული ტვირთი შეფუთულია და გადაიზიდება დალუქული სატრანსპორტო საშუალებით, ფიტოსანიტარიული კონტროლი არ ტარდება. ხოლო თუ ტრანზიტული ტვირთი ექვემდებარება დანაწევრებას, სატრანსპორტო საშუალების შეცვლას, ხორციელდება ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი;
  2. ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ახალი ნუსხები. ფიტოსანიტარიაში შემუშავდა: მცენარეთა მავნე ორგანიზმების ახალი ნუსხა; მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტების ნუსხა საკარანტინო მავნე ორგანიზმების მიხედვით; კონკრეტული ქვეყნების მიხედვით გაიწერა ჩამონათვალი მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა კონტროლქვემდებარე ობიექტებისა, რომელთა იმპორტიც აკრძალულია. ვეტერინარიაში განახლდა კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა;
  3. მნიშვნელოვნად შემცირდა ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის სანებართვო ნუსხები;
  4. ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის ჩატარების ელექტრონული აქტები (CVED), რომლებიც შედგება 2 ნაწილისგან: პირველი ნაწილი – „წინასწარი შეტყობინება“ (ივსება საქონლის მფლობელის მიერ); მეორე ნაწილი -„გადაწყვეტილება ტვირთის შესახებ“ (ივსება უფლებამოსილი პირის მიერ).

2016 წლის სამოქმედო გეგმაში ფიტოსანიტარიის მიმართულებით გაიწერა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მიღება, საკანონმდებლო დაახლოების პროგრამის შესაბამისად, კერძოდ ფიტოსანიტარიის სფეროში ევროკავშირის 3 სამართლებრივ აქტთან დაახლოება. აღნიშნულ გეგმის ნაწილია: “საქართველოსთვის შემდგომი ტექნიკური რჩევებისა და მხარდაჭერის გაწევა კანონმდებლობის შემუშავებასა და გატარებაში, მათ შორის, შესაბამისი კადრების მომზადებაში, კომპეტენტური ორგანოების შესაძლებლობების განვითარებასა და ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობაში, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად”- ეს პრიორიტეტი  2-ჯერ არის წარმოდგენილი აღნიშნულ სამოქმედო გეგმაში. ერთ შემთხვევაში იგი გულისხმობს  ტრენინგების პროგრამის შემუშავებასა და შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც ჩართულები არიან საკანონმდებლო დაახლოების პროცესში, ხოლო მეორე შემთხვევაში მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდების აკრედიტაციას, სურსათის კვლევებისათვის ანალიზური ქიმიის მიმართულების ახალი მეთოდების დანერგვასა და სურსათის მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური კვლევების ევროკავშირის ნორმების შესაბამისად წარმოებას. ეს აქტივობა 2014-2017 წლის სტრატეგიაში  გაწერილი არ ყოფილა.

2016 წლის ანგარიშის მიხედვით, სანიტარული და ფიტოსანიტარიული ზომების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის გადაიხედა და ევროკავშირის  სამართლებრივ აქტთან შესაბამისობაში მოვიდა ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული ზოგიერთი საკითხი ფიტოსანიტარიის მიმართულებით:

  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის #302 დადგენილება “კარტოფილის ცისტიანინემატოდების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ”;
  • “მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის მწარმოებელ გადამამუშავებელ და დისტრიბუტორ ბიზნეს ოპერატორთა ვალდებულებებისა და მათი აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის #619 დადგენილება.

წყარო:eugeorgia.info