საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) წარმომადგენლები მოლდოვაში გამართულ რეგიონულ კონფერენციაში ,,კაკლის მდგრადი მეურნეობა“ აქტიურად იყვნენ ჩართული.
ქართულ დელეგაციაში GFA-ს თავმჯდომარის მოადგილის, რატი კოჭლამაზაშვილისა და უმცროსი აგრონომის, ალექსანდრე ღამბაშიძის გარდა ასევე იყვნენ კაკლის მწარმოებელი ორი ფერმერი და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თბილისის ოფისის წარმომადგენლები.
პირველი ორი დღე მოლდოვის სხვადასხვა რეგიონში კაკლის ბაღებსა და გადამამუშავებელ საწარმოებში საველე ვიზიტებს დაეთმო. ვიზიტისას პორტუგალიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა ექსპერტებმა ტრენინგები ჩაატარეს კაკლის ბაღის მოვლის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე, კლიმატური ადაპტაციის სტრატეგიებსა და ინოვაციურ მიდგომებზე.
ვიზიტის დასკვნით დღეს კაკლის სექტორის განვითარების კონფერენცია გაიმართა, სადაც მონაწილეებმა კაკლის ბაზრის გლობალური და რეგიონული ტენდენციები, გამოწვევები და სექტორის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
ღონისძიება ჩატარდა პროგრამის „მწვანე შეთანხმების მზადყოფნის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც დააფინანსა გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალურმა სამინისტრომ (BMUV) და ხორციელდება GIZ-ის მიერ, OECD-ის, RECC-ის, EBA მოლდოვას და IEF-ის პარტნიორობით.




