საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიო ფერმერთა ორგანიზაციის (WFO) კლიმატის ცვლილების სამუშაო ჯგუფის ფასილიტატორი, თამარ თორია, WFO-ს 2026 წლის ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას დაესწრო. სამიტზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა და ფერმერული გაერთიანებების წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობისა და სასურსათო სისტემების წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ღონისძიების ფარგლებში, თამარ თორიამ მოდერაცია გაუწია სამიტის გამხსნელ სესიას, რომელიც მიეძღვნა თემას: „ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა – წყლის სტრატეგიული როლი“. დისკუსიისას ხაზი გაესვა, რომ წყალი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების, კლიმატისადმი მედეგობისა და სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობის ფუნდამენტურ საფუძველს. შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო თანამშრომლობისა და ფერმერთა ორგანიზაციების გადამწყვეტი როლი წყლის რესურსების ეფექტიან და მდგრად მართვაში.




