17 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და ადგილობრივ ფერმერებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელიც პროექტის „ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა (FSI)’’ ფარგლებში შედგა, საქართველოს მთავრობის დადგენილება ‘’ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ’’ იქნა განხილული.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტში მოქმედი ფერმერები, რეგიონში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმართველობის წევრები. შეხვედრა გახსნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი კოჭლამაზაშვილმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სსიპ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გიორგი მიშელაძის პირველი მოადგილე მერაბ ქვარაია.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს აქტიურად გაუწევს კონსულტაციას. ასევე, კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება სახელმწიფო სექტორთან შუამდგომლობასა და ადვოკატირებაში.
ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა (FSI) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ დაფინანსებული პროექტია (2018-2021), რომლის მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობაში ჩართული მცირე მეწარმეების კონკურენტუნარიანობისა და შემოსავლების ზრდით. პროექტის შედეგად შერჩეულ რეგიონებში მცირე ფერმერები გაიუმჯობესებენ ბაზარზე პოზიციას და მათი შემოსავალი გაიზრდება. აღნიშნული მიღწეულ იქნება პროდუქტიულობის ზრდით, პროდუქციის დივერსიფიკაციითა და ბაზრებზე უკეთესი ხელმისაწვდომობით.