Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

მომზადება/გადამზადების საგანმანათლებლო კურსები დასრულდა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ, პროექტ „ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინციატივა“-ს ფარგლებში ორგანიზებული მოკლევადიანი საგანმანათლებლო მომზადება/გადამზადების კურსები დასრულდა. შერჩეული მონაწილეები ერთი თვის განმავლობაში გადამზადნენ ორი მიმართულებით: დეკორატიული მცენარეების წარმოება ღია და დახურულ გრუნტზე და ნუშის ბაღის მოვლა-პატრონობა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. სასწავლო კურსები ჩატარდა ოთხ სამიზნე რეგიონში: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი.

ნუშის ბაღის მოვლა-პატრონობა თანამედროვე მეთოდების გამოყენების პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდა შპს უდაბნოს კუთვნილ ნაკვეთზე, სადაც მონაწილეები ადგილზე გაეცნენ ბაღის მოვლის თანამედროვე მეთოდებსა და უშუალოდ ჩაერთნენ სეზონურ აქტივობებში.

დეკორატიული მცენარეების წარმოების მიმართულებით, მონაწილეებს პრაქტიკული და თეორიული სწავლება უტარდებოდათ სხვადასხვა მეურნეობების, მათ შორის: ჯიღაურასა და წილკნის სამეცნიერო სანერგე მეურნეობის ბაზაზე. გარდა ამისა, კურსის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცვლითი ვიზიტების ფარგლებში დასწრებოდნენ პრაქტიკულ მეცადინეობებს კერძო მფლობელობაში არსებულ, სოფელ დიღმისა (მეყვავილეობა) და მარნეულის რაიონის სოფელ მარადისის (მებოსტნეობა) სასათბურე მეურნეობებში. ასევე, მონაწილეები სასწავლო ვიზიტით ესტუმრნენ რაბათის ციხის ტერიტორიაზე მოწყობილ ბაღს.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა შეფასდა და პროგრამის წარმატებულ 65 მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი. პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს ბენეფიციართა დასაქმებას, შემოსავლის ზრდასა და არსებული მეურნეობების განვითარებას.

ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა (FSI) არის 3-წლიანი პროექტი (2018-2021), რომლის მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობაში ჩართული მცირე მეწარმეების კონკურენტუნარიანობისა და შემოსავლების ზრდით.