Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

განახლებული ფერმერთა სათათბიროს პრეზენტაცია

17 იანვარს, სასტუმრო “რუმსის გარდენ ჰოლში”, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით,  მისი მთავარი საკონსულტაციო ორგანოს – ფერმერთა სათათბიროს რეორგანიზაციის საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას სათათბიროს წევრი 20-ზე მეტი სოფლის მეურნეობის სექტორული ასოციაციის, მთავრობის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ. 

ფერმერთა სათათბირო, მისი წევრი სექტორული ასოციაციების გამოცდილებისა და ცოდნის გაერთიანებით, შესაძლებლობას შექმნის ერთობლივად მოხდეს აგრარულ სექტორში არსებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზებზე აქტიური მუშაობა. ასევე, სათათბიროს ჩართულობით დარგობრივ ასოციაციებს შესაძლებლობა ექნებათ რეგულარულად ჩაერთონ მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებში და ოპერატიულად ითანამშრომლონ როგორც ერთმანეთთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 

ახალი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ფერმერთა ასოციაციის მთავარ საკონსულტაციო ორგანოს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფერმერების, ასევე, ზოგადად აგროსექტორის განვითარებისთვის.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ფერმერთა სათათბირო 2017 წელს დააფუძნა.  ფერმერთა სათათბიროს მიზნებია: ფერმერთა ინტერესების დაცვა, მათი პრობლემატიკის განსაზღვრა, შესაძლო ალტერნატივების და/ან გადაჭრის გზების  მოძიება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ასევე, მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებში დარგობრივი/სექტორული ასოციაციაციებისა და ფერმერების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.