Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ევროკავშირი სოფლის მეურნეობის სექტორში ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს აფინანსებს

ევროკავშირი სოფლის მეურნეობის სექტორში ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს 1 მლნ 300 ათასი ლარით აფინანსებს. პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ დღეს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან (ISET), ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან (EDA), სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (CIDA) და ასოციაცია „ათინათთან“ ერთად გამართა. 

ევროკავშირი სოფლის მეურნეობის სექტორში ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების გაძლიერების პროექტს 1.3 მილიონზე მეტი ლარით (450.000 ევროზე მეტი) აფინანსებს. პროექტი, თავის მხრივ, ამ ორგანიზაციების წევრ მცირე და საშუალო საწარმოებს ხელს შეუწყობს, რომ დააკმაყოფილონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულაციები და გაიუმჯობესონ საქმიანი ურთიერთობები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. 

“დღეისათვის, საქართველოში აგროწარმოების განვითარებისთვის და DCFTA-ის შესაძლებლობების სრულად რეალიზებისთვის აუცილებელი ფაქტორებია: ზოგადი ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის ბაზრის შესახებ, ევროკავშირის მოთხოვნების ცოდნა პროდუქტების მიმართ, ბიზნესის სტრატეგიული დაგეგმვა და ა.შ. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმეებს სურთ ამ თემებზე მეტი კონსულტაციებისა და ტრენინგების გავლის საშუალება ჰქონდეთ. შესაბამისად, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების შესაძლებლობის ზრდა იქნება მათი მხარდაჭერისთვის ეფექტიანი გზა. ეს მათ ხელს შეუწყობს DCFTA-ს სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაკმაყოფილებასა და პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში“, – განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ. 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილის კარლო ნატალეს განცხადებით, აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეებისთვის იმისათვის, რომ შეძლონ მათ მიერ წარმოებული პროქდუქციის ექსპორტი ევროკავშირში და DCFTA-ის შესაძლებლობებით სარგებლობა. 

“DCFTA-ის ფარგლებში, ევროკავშირმა და საქართველომ ქართულ პროდუქციაზე ყველა საიმპორტო გადასახადი გააუქმა. საქართველოში სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი სექტორია, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილია დასაქმებული, შესაბამისად, ექსპორტის ახალი შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დარგის განივთარებისათვის”, – აღნიშნა მან. 

როგორც დღევანდელ ღონისძიებაზე აღინიშნა, იმისათვის, რომ გამოვლენილიყო საქართველოში არსებული ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების საჭიროებები და გამოწვევები, ჩატარდა საჭიროებათა კვლევა, გამოიკითხა 47 მხარდამჭერი ორგანიზაცია და 114 მეწარმე. ასევე, ინტერვიუები ჩატარდა სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბსო-ებმა უნდა მოიპოვონ სანდოობა მათ წევრ და არაწევრ კომპანიებს შორის, საჭიროა კომუნიკაციისა და ძლიერი ორგანიზაციული სტრუქტურის არსებობა და ეკონომიკის საკითხების, მათ შორის, DCFTA-ს მოთხოვნების ცოდნა.

წყარო:bm.ge