Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ასკილი მცხეთა-მთიანეთიდან ექსპორტზე აშშ-სა და იაპონიაში გადის

მცხეთა-მთიანეთის სამ მუნიციპალიტეტში – დუშეთში, თიანეთსა და მცხეთაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებში შექმნილი, ქალთა კოოპერატივები ტყის არამერქნულ პროდუქტებს აგროვებენ და აშრობენ. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მცხეთა-მთიანეთში შეგროვებული პროდუქტი ექსპორტზე საერთაშორისო ბაზარზე გადის.

სამწლიან პროექტს “ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვებადა გადამუშავება – ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა” სოფლად თემთა განვითარების სააგენტო (RCDA), საერთაშორისო ორგანიზაცია „OXFAM საქართველოს”,  “ბრიჯ – ინოვაცია და განვითარებასა” და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია  BLF-ის  (Big Lottery Fund) მხარდაჭერით ახორციელებს.

დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში დიდი რაოდენობით მოიპოვება სხვადასხვა სახის ტყის არამერქნული პროდუქტი, რომლის მდგრადი შეგროვება,  გადამუშავება და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია ხელს უწყობს რეგიონის ღარიბი მოსახლეობის, მათ შორის, სოფლად მცხოვრები ქალების, იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას, სიღარიბის დაძლევას, დასაქმებისა და შემოსავლების ახალი წყაროების შექმნას. პროექტის დეტალებზე EUGeorgia.info ENPARD-ის პროექტის კოორდინატორს, მარიამ სვანიძეს ესაუბრა.

–          ქ-ნო მარიამ, საინტერესოა, როგორ მოახერხეთ რეგიონში მცხოვრები ქალების საკუთარ ძალებში დარწმუნება, როგორ დააჯერეთ, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია ?

ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო. უამრავი დრო გავატარეთ სოფლებში, სადაც ამ ადამიანებს პირადად ვხვდებოდით. შემდეგ, გამოჩნდა რამდენიმე ინიციატორი – ლიდერი, რომელსაც ამ კუთხით, გარკვეული გამოცდილება ჰქონდა. მათ მოახერხეს სხვების დარწმუნება. ყოფილა შემთხვევები, როცა გამეორებით ჩავსულვართ მათი თხოვნით, პირადად შევხვედრილვართ და ასე, თანდათან, მოვახერხეთ ამ საქმიანობაში მონაწილე ქალების მობილიზება.

–         რა პროდუქტს აგროვებენ ქალთა კოოპერატივები მცხეთა-მთიანეთში?

ყველაზე დიდი რაოდენობით, აგროვებენ და აშრობენ ასკილს. აქვთ ბიო სერტიფიკატი და თანამშრომლობენ  კონტრაქტორ-ორგანიზაციასთან, რომელიც მხოლოდ ბიო პროდუქტს იბარებს. ქალთა კოოპერატივების მიერ შეგროვებული ტონობით ასკილი უკვე იყიდება აშშ-სა და იაპონიაში. ასკილის გარდა, აგროვებენ სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებს, მათ შორის ფარსმანდუკს, კრაზანას, ველურ პიტნას, ფურისულას, რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ევროპის ქვეყნებში. თანამშრომლობენ კომპანიასთან, რომელიც ამ პროდუქტს, გამშრალი ნედლის სახით იბარებს. პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთ კოოპერატივს ბიზნეს იდეა მივაწოდეთ და, შესაბამისი ტრენინგების შემდეგ, დაიწყო დაშაქრული ხილის – ცუკატების წარმოება.

–          როგორ იმოქმედა პროექტმა ამ ქალთა ცხოვრებაზე?

ამ კოოპერატივებს შორის ერთ-ერთს, შედარებით გამართული ჰქონდა საქმიანობა,  შემდეგ, როცა სხვებმა დაინახეს, რომ ასკილის შეგროვება მომგებიანია და გაიგეს პროდუქტის ფასი უცხოურ ბაზარზე,  მოტივაცია გაეზარდათ –  უფრო მობილიზებული გახდნენ და, შესაბამისად, უფრო დიდი სტიმული მიეცათ. პროექტის ფარგლებში, მათ გაუკეთდათ საშრობები, რაც კოოპერატივების ამუშავების წამყვანი ფაქტორი გახდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოში ბიო სერტიფიკატი ძალიან ცოტა საწარმოს აქვს, ამ ქალბატონებმა კი, მისი მოპოვება შეძლეს. არამერქნულ ტყის პროდუქტებზე ბიო სერტიფიკატის მისაღებად, საჭიროა, მიუთითოთ, სად აგროვებთ პროდუქტს,  შემდეგ, სასერტიფიკატო ორგანიზაციის შეისწავლის რეგიონს ბიო სერტიფიცირების თვალსაზრისით და გასცემს სერტიფიკატს.

–          როგორ თანამშრომლობენ ქალთა კოოპერატივები ერთმანეთთან?

პროექტის ფარგლებში გვაქვს გაცვლითი ვიზიტები, იმისთვის, რომ მოხდეს იდეებისა და გამოცდილების გაზიარება. მაგალითად, წნორში, ერთ-ერთი ქალბატონი კომპანია „კახეთი ბიო“-ს ხელმძღვანელობს, რომელიც სამკურნალო მცენარეებს აშრობს. კოოპერატივებისთვის დაგეგმილი გვაქვს მასთან ვიზიტი, რათა ნახონ, სხვა რეგიონებში ვინ რა პროდუქტს აგროვებს, გაცვალონ იდეები და მიიღონ ახალი ცოდნა.

 width=

წყარო:eugeorgia.info