საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით, ქვეყანას იაპონური ბიზნესდელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები იაპონურ ტრადიციულ ტკბილეულს აწარმოებენ. მათი პროდუქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი აძუკის ლობიოს ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია იაპონურ კულინარიულ კულტურაში.
ვიზიტის მიზანი საქართველოში ამ კულტურის პოპულარიზაცია, მისი წარმოების პოტენციალის შეფასება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესწავლა იყო.
დელეგაციის წევრები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ღოღეთში, დირბსა და მოხისში – ადგილობრივ, ლობიოს მწარმოებელ ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს როგორც ლობიოს მოყვანის ადგილობრივი გამოცდილება, ასევე საქართველოში აძუკის წარმოების პერსპექტივები.
აღსანიშნავია, რომ წარსულში ქარელის მუნიციპალიტეტში ლობიო დაახლოებით 3,000 ჰექტარზე მოჰყავდათ. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სათესი ფართობები შემცირებულია, ადგილობრივი ფერმერები მზად არიან, იაპონური მხარისგან კონკრეტული ბიზნესწინადადებების მიღების შემთხვევაში, იმსჯელონ წარმოების დივერსიფიკაციასა და ახალი კულტურის დანერგვაზე.
ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და იაპონიას შორის აგრობიზნესის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. მსგავსი ინიციატივები ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქართველი ფერმერებისთვის, რაც ხელს შეუწყობს კულტურების მრავალფეროვნებას და ქართული სოფლის მეურნეობის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.



