საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ორგანიზებით, ქართველი მწარმოებლების დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს წამყვან აგრო-გამოფენაში – Fruit Logistica.
დელეგაციის წევრები, GFA-ს გუნდთან ერთად, სანერგე მეურნეობის, ხილ-ბოსტნეულის წარმოებისა და დისტრიბუციის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. ვიზიტი მათთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გახდა საერთაშორისო მომწოდებლებთან, ტექნოლოგიურ კომპანიებთან და აგრობიზნეს პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციისა და გამოცდილების მიღებისთვის.
ძირითადი აქცენტები:
ხარისხიანი სანერგე მასალა – წამყვან ევროპულ სანერგეებთან პარტნიორობის დაწყება, რაც ქართულ ბაზარზე სერტიფიცირებული, მაღალხარისხიანი ნერგების შემოტანას შეუწყობს ხელს.
კლიმატისადმი მდგრადობა – განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სეტყვისა და ყინვისგან დამცავმა სისტემებმა, რაც აუცილებელია მოსავლის დაზღვევისა და რისკების შემცირებისთვის.
ზუსტი სოფლის მეურნეობა (Precision Agriculture) – მონაწილეები გაეცნენ ინოვაციურ, კამერებითა და სენსორებით მართვად სარეველების კონტროლის სისტემებს.
საექსპორტო პოტენციალის გაზრდა – დელეგაციის წევრები შეხვდნენ ხილისა და ბოსტნეულის კალიბრაცია/სორტირების და ეკოლოგიური შეფუთვების მწარმოებელ კომპანიებს, ასევე გაეცნენ ხილისა და ბოსტნეულის ხარისხის დადგენის ტექნოლოგიებს, რომლებიც მაღალი სიზუსტით აჩვენებს პროდუქციის უხილავ დაზიანებებს ან დაავადებულ პროდუქტს.



