საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ თორია, თურქეთში (IFAD)-ის მიერ ორგანიზებულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ფერმერთა II ფორუმსა (FAFO ECA) და ფერმერთა ორგანიზაციების საერთაშორისო ვორქშოფში მონაწილეობდა.
ღონისძიების ფარგლებში, თამარმა რამდენიმე მნიშვნელოვან სესიაზე წარადგინა ორგანიზაციის ხედვა:
კლიმატის ცვლილება: სესიაზე თამარმა მსოფლიო ფერმერთა ორგანიზაციისა (WFO) და GFA-ს პერსპექტივაზე ისაუბრა. როგორც World Farmers’ Organisation-ის კლიმატის ცვლილების სამუშაო ჯგუფის ფასილიტატორმა, მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კლიმატური დაფინანსება უშუალოდ ფერმერებამდე უნდა აღწევდეს. ჩვენი რეგიონისთვის (ECA), სადაც ფერმერთა ორგანიზაციებს შეზღუდული ინსტიტუციური მხარდაჭერა აქვთ, ეს არა სამომავლო ამბიცია, არამედ მყისიერი პრიორიტეტია. ამასთან, კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე რისკების გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალი ფერმერების მხარდაჭერა. დიგიტალიზაციის სესიაზე თამარმა GFA-ს ციფრული პლატფორმა „აგრონავტი“ წარადგინა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტია და ფერმერებს მეურნეობის მართვაში ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, იბრაჰიმ იუმაკლიმ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციას ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საპატიო ჯილდო გადასცა.



