ქართული ღვინის კვირეული დღეს ქალაქ მარნეულის ცენტრში “ქართული ღვინის ფესტივალით“ გაიხსნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ კერაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული ღვინის ფესტივალი“ აღინიშნა.
სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ. ფესტივალს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი დაესწრო, რომელმაც სიტყვით მიმართა ფესტივალის მონაწილეებს.
„სწორედ აქ, ამ მიწაზეა აღმოჩენილი ის უძველესი ექსპონატები, რომლებმაც მოგვცა ქართული ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი დასკვნების გაკეთების საშუალება. სწორედ ეს ექსპონატებია წარმოდგენილი საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გამოფენაზე „საქართველო – ღვინის აკვანი“, რაც გვაძლევს სიამაყის საფუძვლზე. ჩვენ აუცულებლად უნდა გავაგრძელოთ და ტრადიციად დავამკვიდროთ ამ დღესასწაულის აღნიშვნა მარნეულში“ – აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.
ფესტივალი მსვლელობის დროს საწნახელში დაიწურა ყურძენი, სტუმრებმა თავი მოხადეს ქვევრს და დააგემოვნეს მასში მოთავსებული ღვინო, გაიმართა შეჯიბრი ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში, მოეწყო ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა პროდუქტების გამოფენა- გაყიდვა.
ღვინის კვირეულის ფარგლებში, 1 ოქტომბერს თბილისის 1 ღვინის ქარხანაში, გაიმართება ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017“, 7-8 ოქტომბერს თბილისობის ფარგლებში, რიყის პარკში „შემოდგომის ნობათის“ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება 15-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია. 7 ოქტომბერს ქალაქ თელავში, ღვინის ფესტივალი „თელავინო“ აღინიშნება, ხოლო 8 ოქტომბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის“ გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოვება გაიმართება.
წყარო:commersant