“სოფლის მეურნეობა ძალიან საინტერესოა. მიწასთან ურთიერთობა მსიამოვნებს. თუშეთში ჩასვლა და მუშაობა კარგი განტვირთვაა,” – ამბობს 23 წლის ფერმერი გიორგი აბულიძე, რომელიც წარმატებული კოოპერატივის ”ალაზნისთავის” ერთ-ერთი წევრია.
”ალაზნისთავი” თუშეთში მოქმედი კოოპერატივია, რომელიც უკვე საკუთარ საწარმოსაც ფლობს, სადაც თუშურ გუდის ყველს აწარმოებენ. ყველი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ თუ უცხოელ მომხმარებლებში და საერთაშორისო კონკურსების ხშირი გამარჯვებულიცაა. სწორედ ახლახანს იტალიაში ”ალაზნისთავის” გუდის ყველმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
”ალაზნისთავი”
იდეა გიორგის მამას 2014 წელს გაუჩნდა, როდესაც ის მწყემსად იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც ახლა საწარმოა აშენებული. ადგილი იმდენად მოეწონა, რომ კოოპერატივის შექმნა გადაწყვიტეს, რომელმაც მოგვიანებით დაფინანსება მოიპოვა.
თუშეთში, ბორბალოს მთასთან, სადაც მდინარე ალაზანი იღებს სათავეს ”ალაზნისთავის” საწარმო მდგებარეობს. კოოპერატივი 2015 წელს 11 ადამიანის მიერ დაარსდა. მათ შორისაა გიორგი აბულიძეც. წევრების უმეტესობა მასავით ახალგაზრდაა – 30 წლამდე.
გიორგი ამბობს რომ კოოპერატოვის თითოეული წევრს თავისი საქმე აქვს განაწილებული, თუმცა ფიზიკური სამუშაოს შესრულება ყველას უწევს. საწარმოში მუშაობს 5-6 დაქირავებული მუშახელიც.
”მე მაგალითად მარკეტინგის მიმართულება მაქვს ჩაბარებული, მაგრამ ადგილზე მაინც ყველაფერში ჩართული ვარ. მორიგეობით გვიწევს ადგილზე, საწარმოში ასვლა და სხვადასხვა საქმის შესრულება. ორი დღეა რაც იქიდან დავბრუნდი. ერთი კვირა ვიყავი და ზაფხულში დამზადებული ყველი 15 კილომეტრზე ხელით გადაგვქონდა. ყველი ჯერ სოფელ კოკლათაში გადმოგვაქვს, მერე ალვანში ჩამოგვაქვს და იქ ვასაწყობებთ,” – აღნიშნავს ის.
”ალაზნისთავი” ამჟამად 1000 სულ ცხვარს ფლობს. აქედან 700 იწველება.
საწარმო
2016 წლის ბოლოს, „ენპარდის„ პროექტის ფარგლებში თუშეთში პირველი, ევროპული სტანდარტების გუდის ყველის საწარმო ააშენეს. სწორედ მას შემდეგ დაარსდა ბრენდი ”ალაზნისთავი”, რომლის სახელითაც 4 სახეობის გუდის ყველს აწარმოებენ.
საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისია – აშენებული და მოწყობილი ყველა იმ სტანდარტის დაცვით, რაც ევროპაშია მიღებული. ტექნიკა, ჭურჭელი სურსათის უვნებლობის სტანდარტებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს. გიორგი ამბობს, რომ ამით მათი საწარმო სხვა ფერმერებისათვის სამაგალითოა.
ექპორტზე ამერიკაში
”ალაზნისთავს” პროდუქცია ამერიკაში გააქვს. გასულ წელს მათ 5,5 ტონა გუდის ყველი გაიტანეს, წელს კი 10-12 ტონის გატანას გეგმავენ. გიორგი ამბობს, რომ დაინტერესება სულ უფრო და უფრო იზრდება და სწორედ ამან განაპირობა საექპორტო ყველის ოდენობის გაორმაგება. ცხოველური პროდუქტების გატანაზე შეზღუდვაა, ამიტომ მათი პროდუქცია ევროპაში ვერ გადის. კოოპერატივში იმედოვნებენ, რომ მალე რუსეთისა და ისრაელის ბაზრებზე გასვლას შეძლებენ.
”ხელშეწყობა გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან, ელკანასაგან, საიდანაც უკვე გამოგზავნეს ექსპერტები გუდის ყველის ტექნოლოგიის შესასწავლად, რათა ეს მიმართულება დავიწყებას არ მიეცეს და განვითარდეს,” – აცხადებს გიორგი.
მოგება
”იმდენად მომგებიანია რამდენადაც რთულია” – ასე პასუხობს გიორგი კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად მიმზიდველია გუდის ყველის წარმოება ფინანსურად. ამბობს, რომ მთავარი სირთულე ცხვრის მომწყემსვა და მწყემსების პოვნაა. მწყემსის საქმიანობას იგი ურთულესს უწოდებს, რადგან დილის 6-დან ღამის 11 საათამდე მუდმივი და საქმაოდ მძიმე შრომა უწევს.
”შარშან ევროპის მეცხვარეთა გაერთიანების შეხვედრას ვესწრებოდით, სადაც 23 ქვეყანა იყო წარმოდგენილი და ყველა აღნიშნავდა, რომ მათი მთავარი პრობლემა მწყემსების შოვნაა. კომუნიკაციას პრობლემაც დიდია. იქ არც ტელეფონი იჭერს და არც ინტერნეტი. დასარეკად 10-15 კილომეტრზე გვიწევს გადასვლა. ზაფხულში კიდევ არაუშავს და შემოდგომასა და ზამთარში თოვლში ამის გაკეთება ძალიან რთულია. საბედნიეროდ, შარშან თუშეთის განვითარების ფონდმა ინტერნეტიზაცია განახორციელა და მომავალი წლიდან მე უკვე მექნება საშუალება ინტერნეტის მიმღები დავამონტაჟო,” – ამბობს გიორგი.
ფარაში მუდმივად არის დანაკარგიც გარეული ცხოველებისა და ფრინველების გამო. გიორგის თქმით, სეზონზე დანაკარგი დაახლოებით 200 სულია.
რაც შეეხება მატყლს, გიორგი ამბობს, რომ მას ვერ იყენებენ, რადგან მატყლის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე მისი ტრანსპორტირება ჯდება.
სამომავლო გეგმები
სამომავლოდ ”ალაზნისთავი” კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს, რადგან კოოპერატივს სავარაუდოდ 5 წევრი შეუერთდება. აქტიურად აპირებენ სხვადასხვა კონკურსსა და ფესტივალში მონაწილეობასაც.
“მე პირადად ტურიზმითაც ვარ დაკავებული და მინდა ჩვენ ფერმაში აგროტურიზმის ელემენტებიც დავამკვდრო, რათა უცხოელი ტურისტები მივიზიდოთ,” – ამბობს გიორგი აბულიძე.
წყარო:bpn.ge