„თედოს მარანი“ ოჯახური ღვინის მარანია, რომელიც ქვევრის ღვინოს ბიო სტანდარტების მიხედვით საგარეჯოში საოჯახო მარანში აწარმოებს. „კომერსანტს“ კომპანიის მფლობელის თედო გზირიშვილის შვილი ეთო გზირიშვილი, ესაუბრა. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი აღნიშნავს, ბიზნესში სტაბილურ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს და მისი არარსებობა ბევრ პრობლემას ქმნის
„დიდი ხანია, რაც საოჯახო მეღვინეობა გვაქვს. ღვინის გემური თვისებები ყველას ძალიან მოსწონდა და აქედან გამომდინარე 2015 წელს მისი ბოთლებში ჩამოსხმა დავიწყეთ. ბრენდის კონცეფციის ჩამოყალიბებაში და მის შექმნაში ფილოლოგი და მეღვინე ქეთო ნინიძე დაგვეხმარა. ლოგოზე გამოსახულია დიონისე, რადგან ბერძნული მითოლოგიის თანახმად ის მეღვინეობის მფარველია.
ჩვენი მარანი საგარეჯოშია, ხოლო ვენახები ივრის პირას 6 ჰექტარზეა გაშენებული. 2018 წელს მარნის გაფართოვება და შეცვლა გვსურს. თედოს მარანი რამდენიმე ღვინის მაღაზიაში იყიდება. ჩაბარებამდე მისი ფასი 14-დან 20-ლარამდე მერყეობს.
თავდაპირველად ბიზნესში ჩვენ მიერ მცირე ინცესტიცია ჩაიდო. ახლა კომპანია თითო სახეობის 1 000 ბოთლს აწარმოებს. ამჟამად გვაქვს რქაწითელი, საფერავი და გვქონდა ბუდეშური წითელი. სამომავლოდ ახალი ჯიშების შექმნის სურვილი გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე ამისთვის ინვესტიციას ვერ განვახორციელებთ“, – აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას ეთო გზირიშვილმა.
„თედოს მარანი“-ს დამფუძნებელი ქვეყანაში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაზე საუბრისას აცხადებს, რომ ამ კუთხით სიტუაცია გამოსასწორებელია.
„ქვეყანაში პროფესიონალი კადრების ნაკლებობა ჩვენ სფეროში ნამდვილადაა. როდესაც ღვინოს მაღაზიებში ვაბარებდით, ძალიან ბევრი პრობლემა შეგვიქმნა იმან, რომ მათ არ იცოდნენ ბიო ღვინის თვისებები. იძულებულები გავხდით მათთან ურთიერთობა შეგვეწყვიტა“, – აღნიშნა ეთო გზირიშვილმა.
გზირიშვილი ვაზის ძველი ჯიშების პოპულარიზაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ სამომავლოდ მათთან ხიხვის წარმოებაც იგეგმება.
„ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მის განვითარებაში წვლილს შევიტანთ. სამომავლოდ ასეთი ვაზის ძველი ჯიშის ხიხვის წარმოება გვსურს. კვლავ ფინანსების საკითხს დავუბრუდები და ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე კომპანიას ამის შესაძლებლობა არ აქვს“, – განმარტა დამფუძნებელმა.
წყარო:commersant.ge