Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

გაკოტრებული ფაბრიკიდან წარმატებულ ბიზნესამდე – „სავანეთის“ ისტორია

ერთ-ერთი პირველი კვერცხის ფაბრიკაა საქართველოში, რომელმაც საბჭოთა მმართველობის შემდეგ დაიწყო ფუნქციონირება – ასე იწყებს „სავანეთის“ ისტორიაზე საუბარს კომპანიის დირექტორი ვეფხია ჯავახაძე.
„ფერმა „სავანეთი“ 1999 წელს დაარსდა, თუმცა კრიზისისა თუ სხვადასხვა მიზეზების გამო ფაბრიკა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და 2012 წელს როდესაც ჩვენ შევიძინეთ, ფაქტობრივად, გაკოტრებული იყო. ამის შემდეგ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ, შეიცვალა დანადგარები, მთლიანად ახალ სტანდარტებზე გადავედით“, – აცხადებს ჯავახაძე.

– რამდენად მარტივი იყო სირთულეების დაძლევა და გაკოტრებული საქმიანობის წარმატებულბიზნესად ქცევა?

– სირთულეების დაძლევა და აქამდე მოსვლა მარტივი რა თქმა უნდა არ იყო, თუმცა სწორმა მიდგომამ, მენეჯმენტმა და გუნდურობამ შედეგი გამოიღო და შეძენიდან 1 წელში „სავანეთი“ უკვე წარმატებული ფაბრიკა იყო.

– რა პროდუქციას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს

– ჩვენი ფაბრიკა აწარმოებს კვერცხს. თეთრი კვერცხის გარდა, გვაქვს ფერადი კვერცხიც და ამ მხრივ, ერთადერთი მწარმოებელი ვართ ქვეყანაში. ამასთან, კომპანია პროდუქტის ეკოლოგიურ შესაფუთებსაც აწარმოებს და მომხმ

არებელს ქათმის კვერცხის ახლებურ სათავსოებს სთავაზობს. ვცდილობთ სულ სიახლეები გვქონდეს. იქნება ეს: შეფუთვის, ეტიკეტის თუ მარკეტინგის კუთხით. რაც შეეხება შეფუთვას, უკვე გვაქვს კვერცხის 6 და 10 ცალიანი ეკოლოგიური ჩასადებები (შესაფუთები). მართალია ეკო შეფუთვაზე დიდი მოთხოვნა არ არის, თუმცა ასორტიმენტში მაინც გვაქვს.

– რამდენად განვითარებულია სფერო ქვეყანაში და რამდენად კონკურენტუნარიანია ბაზარი?
– სფერო დღეს საკმაოდ განვითარებულია და კონკურენციაც მაღალია. დღეის მდგომარეობით, ქართული წარმოება ადგილობრივ ბაზარს 100%-ს აკმაყოფილებს და მეტიც, პროდუქცია ექსპორტზეც გაგვაქვს.

– რა არის სავანეთის უპირატესობა და რა მიგაჩნიათ კომპანიის მთავარ მიღწევად ამ 5 წელში?

– ჩვენი უპირატესობაა – სწორი მიდგომა, ხარისხზე ორიენტაცია და რა თქმა უნდა, გუნდი, მენეჯმენტი, რომელიც დიდი მონდომებითა და წარმატებით ასრულებს თავის საქმეს. რაც შეეხება მიღწევას, ვფიქრობ ჩვენი მთავარი მიღწევა ამ 5 წელში გაზრდილი, ფაქტობრივად გაორმაგებული წარმოებაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის შედეგად მთლიანად გადავაიარაღეთ კომპანია, გვაქვს ხარისხიანი მანქანა-დანადგარები და კვერცხის წარმოებაში დღეს ადამიანის ჩართულობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

– რა სირთულები აქვს დღეს კვერცხის ბიზნესს?

– ფაქტობრივად, არ არსებობს ბაზრის დაცულობა. ქვეყანაში არ არის იმის ბერკეტი, რომ რომელიმე ქვეყნიდან იაფფასიანი პროდუქტი არ შემოვიდეს. ხშირად იმპორტიორებს ვადაგასული პროდუქციის შემოტანა უხდებათ, რომლის ამოყიდვის მიზნითაც ბაზარზე დემპინგური ფასებით შემოდიან. ეს კი ადგილობრივ წარმოებას დიდ დარტყმას აყენებს. ამასთან, მნიშვნელოვანი საკითხია, დღგ-ს საკითხიც. კვერცხის მწარმოებლებს კვლავ გვიწევს ამ გადასახადის გადახდა მაშინ, როცა სხვა არაერთი პროდუქტი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებულია. თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, ძალიან მალე ალბათ სფერო არამიმზიდველი გახდება და საბოლოოდ მოკვდება კიდეც.

– „სავანეთი“ „ბიზნესდაჯილდოება 2017-ის ფინალისტია. რა მოლოდინი გაქვთ?

– სავანეთი წარდგენილია „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2017-ის“ ორ ნომინაციაში – „წლის ქართული პროდუქტი“ და „წლის ბიზნესი“. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ფინალისტია და ისევე როგორც ალბათ ყველა მონაწილეს, გამარჯვების იმედი და სურვილი ჩვენც გვაქვს. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ გადავწყვიტეთ მონაწილეობა, ვფიქრობ, მსგავს პროექტებში მონაწილეობა ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მხრივ, სტიმულს გაძლევს და ამასთან, გაზრდის კომპანიის ცნობადობას.

– სამომავლო გეგმები

– „სავანეთი“ ISO სერთიფიკატის მფლობელია და კომპანიის სამომავლო გეგმები ძირითადად ექსპორტთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გაგვაქვს ერაყში, თუმცა ვმუშაობთ ისრაელისა და ევროპის ბაზარზე გასვლაზეც. 

წყარო:bpn.ge