Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

უსინათლო აჭარელი ფერმერის წარმატების ისტორია

„ლურჯა 2015“ – ევროკავშირის მიერ, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი კოოპერატივია, რომელიც ქობულეთის სოფელ ოჩხამურში მდებარეობს. კოოპერატივის რამდენიმე წევრი უსინათლოა. გრანტის დახმარებით, აჭარელმა ფერმერებმა მარწყვისა და ჟოლოს პლანტაციები გააშენეს და შარშან, პირველი მოსავალი აიღეს. დაფინანსება  მცენარეთა ნერგების გადაცემას, უახლესი ტექნოლოგიებით წვეთოვანი მორწყვის სისტემისა და სხვა აუცილებელი ტექნიკური საშუალებების შეძენა-დამონტაჟებას ითვალისწინებდა. კოოპერატივის გეგმებზე და აჭარაში კენკროვანი კულტურების პოტენციალზე  EUGeorgia.info „ლურჯა 2015“-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს,  ალექსანდრე წეველიძეს ესაუბრა.

–         რატომ გადაწყვიტეთ კენკროვანი ხილის პლანტაციების გაშენება?

პროფესიით ვეტერინარი ვარ, წარმოშობით გორიდან. ვიცოდი, რა გემოვნური თვისებები და რა მნიშვნელობა აქვს კენკროვან ხილს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გადავწყვიტე კენკროვანი კულტურების პლანტაციების გაშენება. ამჟამად, ჩვენი კოოპერატივის მფლობელობაში 3 ჰა მიწის ნაკვეთია, სადაც მარწყვისა და ჟოლოს პლანტაციები გვაქვს გაშენებული.

კენკროვან ხილს, გემოვნური თვისებების გარდა, აქვს სამკურნალო დანიშნულებაც და მაღალმოთხოვნადია, როგორც შიდა  ბაზარზე, ისე საერთაშორისოდ. იგი სწრაფად მზარდი მცენარეა და დარგვიდან მეორე წელიწადში იძლევა ნაყოფს. მანდარინი და კაკალი რომ დაგვერგო, უკეთეს შემთხვევაში, სულ მცირე 4-წლიანი ლოდინი მოგვიწევდა, მე კი მოსავალი 1 წელიწადში ავიღე, ამგვარად, კენკროვანი კულტურები უფრო მომგებიანია.

–         ცნობილია, რომ განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა ლურჯ მოცვზეა..

ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ვიცით. ჩვენი კოოპერატივის ერთ-ერთმა მეპაიემ, 3 000 კვ. მეტრზე ლურჯი მოცვის პლანტაცია გააშენა. ახლა ვატარებთ ექსპერიმენტს, გვაინტერესებს, რამდენად იქნება შესაძლებელი აქაური, ტყის შავი მოცვის პლანტაციის გაშენება.

–         ბიო პროდუქტის წარმოებაზე თუ გიფიქრიათ?

ჩვენ არ ვიყენებთ არც პესტიციდებს და არც ჰერბიციდებს. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ბიო პროდუქტს ვაწარმოებთ, მაგრამ გეგმაში გვაქვს, 4 წელიწადში თამამად განვაცხადოთ, რომ ბიო მეურნეობა გვაქვს.

–         სად ყიდით პროდუქტს?

ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მოთხოვნის 0,01%-საც კი ვერ ვაკმაყოფილებთ. ადგილობრივ ბაზარზე კენკრაზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა.

–         თუ გეგმავთ, სამომავლოდ,  საერთაშორისო ბაზარზე გასვლას?

რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე მეურნეობას ვაფართოებთ და უკვე შევიძინეთ დამატებით, 1 ჰა მიწის ნაკვეთი, ჟოლოს პლანტაციის გასაშენებლად. ნამდვილად გვაქვს გეგმაში, რომ ჩვენი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე ბრენდირებული სახით გავიტანოთ. ვფიქრობ, რომ 2020 წლამდე ჩვენი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გავა.

–         როგორ მიგაჩნიათ, რა პერსპექტივა აქვს კენკროვან ხილს აჭარის რეგიონში?

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს იდეას აჭარაში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „ლურჯა 2015“ ერთ-ერთი საჩვენებელი კოოპერატივია არამხოლოდ აქ, არამედ მთელ საქართველოში. ახლახან დავესწარი ერთ-ერთ ბიზნეს ტრენინგს, სადაც ყველა დამეთანხმა, რომ ბიზნესის დასაწყებად,  კენკროვანი კულტურების გაშენება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე კაკლის და თხილის, განსაკუთრებით მცირემიწიან ნაკვეთებზე.

გამომდინარე იქიდან, რომ აჭარა მაღალტენიანი რეგიონია და სოკოვანი დაავადებების მაღალი რისკი არსებობს, პირადად მე მიმაჩნია, და ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური მოსაზრება არ არის, რომ კენკრას ჩვენს რეგიონში გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე სხვა კულტურებს. კენკრის შემთხვევაში, დაავადებებთან ბრძოლა გაცილებით მარტივია, ვიდრე სხვა კულტურების, მათ შორის კაკლისა და თხილის შემთხვევაში.

–         თუ აპირებთ სამომავლოდ აგრო ტურიზმის განვითარებას?

შარშან ჩვენს კოოპერატივს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესტუმრა, უსინათლო ვარ და საჩუქრად გადმომცეს პერსონალური კომპიუტერი, რომელიც  ხმოვანი შეტყობინების მეთოდით მუშაობს. ჩვენი ბაღები ისე მოეწონა, რომ მეორე დღეს, სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად ისევ ჩამოვიდა, საკუთარი ხელით მოკრიფეს ჟოლო, დააგემოვნეს და აღფრთოვანებულები დარჩნენ.  აგრო ტურიზმს აჭარაში დიდი პოტენციალი აქვს და ბრენდირების შემდეგ, ამ მიმართულებით დავიწყებთ მუშაობას. სამწუხაროდ,  უარყოფითი საბანკო ისტორია მაქვს და, შესაბამისად, სესხის აღება გამიჭირდება, მაგრამ საერთაშორისო დახმარების მოპოვება თუ მოვახერხე, აუცილებლად ვაპირებ აგრო ტურიზმის განვითარებას და ტურისტების მოზიდვას.

წყარო:eugeorgia.info