Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

„ნუგბარის“ ჩურჩხელა ჩეხეთსა და ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაიყიდება

ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანია „ნუგბარი“ რამდენიმე დღეში ჩეხეთში 3,500 ცალი ჩურჩხელის ექსპორტს განახორციელებს. პროდუქცია პრაღის, ბუდაპეშტის, ვენისა და ბრატისლავის რამდენიმე სავაჭრო ქსელში საცდელი რეჟიმით გაიყიდება.

გარდა ამისა, ქართული ჩურჩხელით ამერიკელები და კორეელებიც დაინტერესდნენ. როგორც ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანია „ნუგბარის დამფუძნებელი ბიძინა ფხოველიშვილი აცხადებს, 2 კვირის წინ აშშ–ში 2,000 ერთეული ჩურჩხელა ასევე საცდელი რეჟიმით გააგზავნეს, დადებითი შეფასების შემთხვევაში მოლაპარაკებები უკვე მსხვილ პარტიებზე დაიწყება. ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ კორეასთანაც, სადაც 1 კვირის წინ 1000 ერთეული ჩურჩხელა სამხრეთ კორეელების ბრენდირებით უკვე გაიგზავნა. 

„ნუგბარის“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ კომპანიამ ჩურჩხელა შეფუთული (პოლიპროპილენის პარკებსა და მუყაოს ყუთებში)  სახით WHOLENUTS-ის („ჰოლნათს“) ბრენდით გამოუშვა, რაც ექსპორტის გარდა ქართულ სავაჭრო ქსელებშიც წარმატებით შეიტანეს.

შპს „ნუგბარი 2015 წელს დაარსდა და ბაზარზე აქტიურად გასულ წელს გამოჩნდა. კომპანიაში 35-მდე თანამშრომელია დასაქმებული. დაბა წნორში მდებარე საწარმო დღეში 3,000-მდე ჩურჩხელას აწარმოებს. შეუფუთავი ჩურჩხელების გასაყიდი ფასები 2.70 და 2.90 ლარია, პოლიპროპილენის პარკში შეფუთულის, შესაბამისად, 3,00 და 3.20 ლარი, ხოლო მუყაოს ყუთებში შეფუთულების კი – 3.30 -3.50 ლარი. 

კომპანია სასაჩუქრე პაკეტებსაც ყიდის, სადაც ჩურჩხელასთან ერთად საკუთარი წარმოების გოზინაყი, ტყლაპი და ჩირი დევს. ფხოველიშვილი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში სასაჩუქრე პაკეტების განახლებას გეგმავენ, ხოლო 2018 წელს გოზინაყისა და ტყლაპის მასიურ წარმოებას აპირებენ.

კომპანია „ნუგბარი წარმოებულ პროდუქციას საკუთარ მაღაზიებსა და პარტნიორ ქსელებში მთელი საქართველოს მასშტაბით ყიდის. მათ შორისაა: „ნიკორა, „ლიბრე“ „ორი ნაბიჯი, „ზღაპარი, „ფრესკო“, „ჯორჯიტა, „ეელი“, „მაგნიტი“, „მარი მარკეტი“, „ვილმარტი“, „დეილი“, თბილისისა და ბათუმის აეროპორტები, სასტუმრო „რედისონი“ და ღვინის მაღაზიათა  ქსელი მეღვინეობა ხარება.  ფხოველიშვილი აცხადებს, რომ კომპანიას დღეს 300-მდე სავაჭრო წერტილი აქვს, წლის ბოლომდე კი მისი გაზრდა 1000 წერტილამდეა დაგეგმილი.

წყარო:commersant.ge