„მამაჩემს 15 წელზე მეტია, ფუტკარი ჰყავს, თუმცა მისთვის ეს საქმიანობა ჰობი იყო და არა ბიზნესი. ვფიქრობდი, რომ მამაჩემის ჰობი ბიზნეს საქმიანობად მექცია და ჩემი განათლება და სამომავლო გეგმები დავუკავშირე ამ სფეროს. წელს, დავაარსე კომპანია „სამეფო თაფლი“ და ჩვენ, მთელი ოჯახი ამ საქმეში ვართ ჩართული“, – გიორგი გომელური, 20 წლის, აგრარული უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი. მარკეტერი გიორგის ესაუბრა იმ უპირატესობებზე, უნიკალურ შეთავაზებებსა და სარეალიზაციო არხებზე, რასაც „სამეფო თაფლი“ სთავაზობს მომხმარებლებს.
– როგორ აპირებს „სამეფო თაფლი“ ბაზარზე პოზიციონირებას?
ვინაიდან პროდუქტი ჩვენთვის ძალინ ფასეულია, დავარქვი „სამეფო თაფლი“. მომხმარებლისთვის უნიკალურ შეთავაზებას წარმოადგენს ფიჭიანი თაფლის შეძენის შესაძლებლობა, რომელიც აქამდე მხოლოდ სახლის პირობებში ხდებოდა. ჩვენ ფიჭა და თაფლი მოვათავსეთ ქილაში, შევფუთეთ და ასე განსხვავებულად გამოვჩნდით ბაზარზე.
– რა არის „სამეფო თაფლის“ მთავარი უპირატესობა?
ჩვენი თაფლი გამორჩეულია იმით, რომ არის ნატურალური და არ შეიცავს ანტიბიოტიკებს. ნატურალური თაფლი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: თუ მეფუტკრე კეთილსინდისიერად უვლის ფუტკარს, არ კვებავს შაქრით და არ აძლევს ანტიბიოტიკებს, ამთაბარებს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ადგილებში, ვიღებთ ნატურალურ პროდუქტს. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 2 წელია, ფუტკარს ვუვლით ბიო პრეპარატებით, გვაქვს პრეტენზია, რომ ვაწარმოებთ ნატურალურ თაფლს.
– სად მზადდება თქვენი თაფლი და სარეალიზაციოდ რომელ მაღაზიებს მიმართეთ?
პროდუქტი მზადდება ახმეტაში, ამ ეტაპზე, გვაქვს თაფლი 320 მლ და 700 მლ ქილებში. „სამეფო თაფლი“ იყიდება კარფურში, ფრესკოში, გუდვილში, აგროჰაბსა და გემორჩეულში.
– როგორია „სამეფო თაფლის“ სამომავლო გამოწვევები?
ძალიან მალე ჩვენი კომპანია გამოუშვებს ახალ პროდუქტებს, რომლებიც დამზადებული იქნება თაფლით, თუმცა ჯერ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ასევე, ჩვენი პროდუქტის ექსპორტზე გატანის შემოთავაზებები მაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან, ეს საკითხი კი განხილვის პროცესშია.
წყარო:commersant.ge