ლურჯი მოცვი განაგრძობს პოპულარობით სარგებლობას ევროპასა და სხვა მაღალშემოსავლიან ბაზრებზე, იმ ფონზეც კი, როდესაც შესყიდვის გარკვეულ პერიოდებში ჭარბი მიწოდების რისკი შეიძლება გაჩნდეს. საქართველო, როგორც მწარმოებელი ქვეყანა, ამით დაუყოვნებლივ არ ზარალდება, რადგან მოსავალი მაისის შუა რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე იკრიფება (წელს ცოტა გვიან დაიკრიფა ამინდის გამო), რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს ბაზრის პიკის პერიოდში არსებულ კონკურენციას და გახდეს ხელსაყრელი სეზონური მოთამაშე.
მოცვის კომერციული წარმოება საქართველოში შედარებით ახალია – პირველი ბაღები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში 2011 წელს გაშენდა. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 3,000 ჰექტარზე მეტი ფართობიდან დაახლოებით 6,000 ტონა მოცვი მოიკრიფა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით (საქსტატი), 4,564 ტონა ექსპორტზე გავიდა – ძირითადად რუსეთში, თუმცა ასევე გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და სხვა ბაზრებზე. როგორც კი გაშენებული ბაღები მიაღწევს სრული მოსავლიანობის ფაზას, მოსავლის მოცულობა უახლოეს წლებში სავარაუდოდ 15,000 ტონას ან მეტს მიაღწევს.
მზარდი ბაზარი
მოცვის სექტორის ზრდა კარგად ეხმიანება ევროპის ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს, სადაც 2023 წელს საშუალო წლიური მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 0.7 კილოგრამს შეადგენდა – გაცილებით ნაკლებს, ვიდრე კანადაში (1.2 კგ) და აშშ-ში (2.9 კგ), რაც ზრდის პოტენციალს კიდევ უფრო აუმჯობესებს (IBO Summit 2023-ის მიხედვით). ოპტიმიზმს მხოლოდ გაზრდილი მოთხოვნა არ განაპირობებს – საქართველოს სტრატეგიული მოსავლის აღების პერიოდიც მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა.

ფოტო: შპს კოლიბრი
ვინაიდან საქართველოში მოცვის მოსავლის აღების პერიოდია მაისის შუა რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე, იგი არ ემთხვევა ესპანეთისა (57,670 ტონა მოსავალი 2023 წელს) და მაროკოს (48,000 ტონა ექსპორტი ევროპაში 2023 წელს; წყარო: ITC Trade Map) სეზონის პიკს, რომელთა წარმოების პერიოდი მაისის ბოლოს სრულდება, ამავე დროს, საქართველოში მოცვის მოსავლის სეზონი უსწრებს მთავარ მწარმოებლებს, როგორიცაა პოლონეთი (61,900 ტონა) და გერმანია (15,320 ტონა), სადაც მოსავლის პიკი უფრო გვიან, ზაფხულის პერიოდში მოდის. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში კონკურენცია მაინც არის – პირველ რიგში სერბეთთან (53,010 ტონა), შემდეგ მოდის პორტუგალია (19,050 ტონა) და ნიდერლანდები (7,780 ტონა) – ევროსტატის მონაცემების მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია მცირე ზომის ნაკვეთები 1 ჰექტარზე ნაკლებ ფართობზე, უკვე 50-ზე მეტი მწარმოებელია, რომლებსაც 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოჰყავს მოცვი. ერთ-ერთი ასეთი საშუალო ზომის მეურნეობა არის შპს “კოლიბრი”, სადაც მამა-შვილი გიორგი და ანა ინაშვილები ქუთაისის მახლობლად (საქართველოს მეორე უდიდეს ქალაქში), აწარმოებენ მოცვს, სადაც 17 ჰექტარი ღია გრუნტზე აქვთ გაშენებული და 3 ჰექტარი ქოთნებში მოჰყავთ.
მოცვის მოყვარული
„კოლიბრი“ ტრადიციული სოფლის მეურნეობიდან არ გაჩენილა – პირიქით, ანას მამას საერთოდ არ ჰქონდა მებაღეობის გამოცდილება, როცა გადაწყვიტა მოცვის მეურნეობა დაეწყო. „უბრალოდ ძალიან უყვარს კარგი საკვები და ბუნებაში ყოფნა“ – განმარტავს ანა. „გადააწყდა მოცვს, გასინჯა და იფიქრა: რატომ არ უნდა მოვიყვანოთ ჩვენ თვითონ, აქვე?“

ანა ინაშვილი და მისი მამა, გიორგი, ივნისის დასაწყისში მოცვის მოსავალს ამოწმებენ.
სახელმწიფოს რამდენიმე პროგრამის დახმარებით, იდეა სწრაფად რეალობად იქცა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფომ 53 მილიონ ლარზე (დაახლოებით 17 მილიონი ევრო) მეტი სუბსიდია გამოყო, რათა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და იმერეთში – 2,800 ჰექტარზე მეტი მოცვის ბაღების გაშენება დაფინანსებულიყო. მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰქონდა USAID-საც, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდა ამ ჯერ კიდევ ახალ სექტორს გაძლიერებაში. „შესაძლებლობები აშკარად არსებობდა – საკმარისი იყო, გეგრძნო და შეგეფასებინა,“ – ამბობს ანა.
ევროპული გამოცდილება, ფრანგული ნერგები
ბატონ გიორგის უნდოდა რომ ყველაფერი საფუძვლიანად გაეკეთებინა. ნიდერლანდებში გაემგზავრა, რათა მოცვის მოყვანის ტექნოლოგიებს გასცნობოდა, ეწვია ევროპულ გამოფენებს, მიწის ანალიზი ჩაატარა ერთ ნაკვეთზე, რომელიც ,,ჯეო ორგანიქსის’’ უკვე არსებულ პლანტაციასთან იყო ახლოს. ამის შემდეგ შეიძინა 20 ჰა მიწა და პირველი ნერგები საფრანგეთიდან გამოიწერა.

შპს „კოლიბრი“ მოცვს 17 ჰექტარს ღია გრუნტზე და დამატებით 3 ჰექტარს ქოთნებში აწარმოებს.
დღეს მეურნეობა ოთხი ჯიშის მოცვს აწარმოებს – კოლიბრი, ნიუ ჰანოვერი, სთარი და დუკი – ადრეული და გვიანი ჯიშების კომბინაცია მათ საშუალებას აძლევს, მოსავლის აღება ეტაპობრივად, მთელი ივნისის განმავლობაში მოახდინონ. „თუ ამინდი ხელს გვიწყობს, კრეფას მაისის ბოლოს ვიწყებთ. მაგრამ წელს ცივი და წვიმიანი სეზონი იყო, ამიტომ მინიმუმ ერთი კვირით გვიან ვიწყებთ,“ – ამბობს ანა. “ჩვენ ერთი უპირატესობა გვაქვს: ქოთანში დარგული მცენარეებიდან მოსავალი დაახლოებით ათი დღით ადრე მოდის.”
მთის წყალი
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელსაც საქართველოს მოცვის მწარმოებლები აწყდებიან, კლიმატური პირობებია. ქარიშხალი, წვიმა დამტვერვის პერიოდში და მოულოდნელი სიცივე შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს მოსავლისთვის. თუმცა, რაც ნამდვილად არ აკლიათ – ეს წყალია. „კოლიბრი“ საკუთარი რეზერვუარიდან იღებს სარწყავ წყალს, რომელიც კავკასიონის თოვლისგან მიღებული მდნარი წყლით ივსება მდინარე რიონის მეშვეობით – ეს უკანასკნელი კი ქუთაისში ჩაედინება. მოცვი მთლიანად ხელით იკრიფება, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს ხარისხი და არ დაზიანდეს ნაზი მტევნები. „ერთ ჰექტარზე სეზონისა და ჯიშის მიხედვით შეგვიძლია 8 ტონამდე მივიღოთ,“ – ამბობს ანა.
რუსეთი და რუსეთს მიღმა
ამ ეტაპზე, ,,კოლიბრის“ მოცვის უმეტესობა რუსეთში გადის. “მყიდველები თავად მოდიან და ჯერ კიდევ დაუხარისხებელი პროდუქტი მიაქვთ,” – განმარტავს ანა. რადგან რუსეთში მოცვი ნაკლებად იწარმოება, იქ კონკურენცია პრაქტიკულად არ არსებობს. ამასთან, ფასები ხშირად უფრო მაღალია, ვიდრე ევროპულ ბაზარზე. თუმცა ეს მაინც არასტაბილური გაყიდვების ბაზარია. რა მოხდება, თუ ხვალ საზღვარი დაიხურება?

ამიტომაც, ,,კოლიბრს“, ისევე როგორც სხვა ქართველ მწარმოებლებს, ალტერნატიული გეგმა აქვთ. მოცვი უკვე ექსპორტზე გადის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინდოეთის, ჰონგ-კონგისა და სინგაპურის ბაზრების გასახსნელად. ასევე ძლიერდება და ფეხს იკიდებს ევროკავშირის ბაზარიც. “წელს ევროკავშირში ექსპორტის ფასები შესაძლოა რუსეთზე მაღალიც კი იყოს,” – განაცხადა თორნიკე ფაჯავიძემ, საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ერთ-ერთ ინტერვიუში.
სამომავლო ხედვა
ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად სერტიფიცირება აუცილებელია. “ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ GlobalGAP,” – ამბობს ანა. “რუსეთისთვის აუცილებელი არაა, მაგრამ GlobalGAP გვავალდებულებს სწორად ვმართოთ საქმე და ევროპის ბაზრისკენ გვიხსნის კარს”. ამავდროულად, ადგილობრივი ბაზარიც რჩება შესაძლებლობად. ის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა: ერთ სულზე მოხმარება დაბალია და დიდი პოპულარიზაციაა საჭირო, რომ ქართველები ამ ლურჯი სუპერ ხილით დაინტერესდნენ.
ანა ოპტიმისტურად არის განწყობილი. “სექტორი ახალბედაა, მაგრამ სწრაფად ვითარდება. ორ წელიწადში ვგეგმავთ გაფართოებას. მოთხოვნა იზრდება და ჩვენ მასთან ერთად ვიზრდებით.”
დამატებითი ინფორმაციისთვის:
ანა ინაშვილი
შპს კოლიბრი.
სოფელი საყულია (წყალტუბო) – საქართველო
ტელ: +995 598 444 474
colibri.sayulia@gmail.com
სტატიის ორიგინალი ვერსია გამოქვეყნდა: 2025 წლის 27 ივნისს: https://www.freshplaza.com/asia/article/9744743/favorable-export-window-for-developing-blueberry-sector/
© FreshPlaza.com/ პიტერ დე კრამერიTop of FormBottom of Form

