Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

შეხვედრა პრეზიდენტთან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრ ფერმერებს შეხვდა და მათი საქმიანობის წინაშე არსებული პრობლემები მოისმინა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების შესახებ ანგარიში გიორგი მარგველაშვილს ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ წარუდგინა. ასოციაციის ახალ პროექტებს შორისაა ფერმერთა სათათბირო, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, მობილური აპლიკაცია “აგრონავტი” და წიგნი “გზა ფერმერობისკენ”. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის გაძლიერება ჩვენი ქვეყნის რამდენიმე პრინციპული გამოწვევის: სურსათით ჩვენივე ბაზრის უზრუნველყოფის; ქვეყანაში სავალუტო კურსის სტაბილურობის და დასაქმების პრობლემის პასუხს წარმოადგენს. საქართველოს პრეზიდენტმა ფერმერებთან შეხვედრისას ქვეყნის განვითარების საკითხში სოფლის მეურნეობის განვითარების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 1921 წლის კონსტიტუციაში არსებობდა ჩანაწერი, რომ “რესპუბლიკის განსაკუთრებული საზრუნავია სოფლის მეურნეობის აყვავება; მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე“, რაც დარგის მნიშვნელობაზე მეტყველებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ფერმერებმა პრეზიდენტს საკუთარი პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც მიწების გაფორმების გართულებას, ფინანსურ რესურსებთან და სახელმწიფო პროგრამებთან წვდომის თანასწორობას, საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსების შესაძლებლობის გაზრდას და სოფლის მეურნეობის დარგების სუბსიდირების საკითხებს შეეხებოდა.