გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის 30-ზე მეტმა თანამშრომელმა გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებებისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი გაიარა.
ტრენინგი სხვადასხვა თემებს დაეთმო, მათ შორის, გენდერული ნიშნით ძალადობასა და დისკრიმინაციას, ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და დახმარების სერვისებს. ასევე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, შრომის გენდერულ განაწილებასა და არაანაზღაურებად შრომას. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ფერმერთა ასოციაცია სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმის დანერგვაზე მუშაობს. ტრენინგის მიმდინარეობისას ამ მექანიზმის საბოლოო ვერსიაც დამტკიცდა.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ამჟამად ასოციაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ერთი-ერთი კომპონენტის, ქალთა მეწარმეობის წახალისების განმახორციელებელია.