საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, 2021 წლის 27 ოქტომბერს, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, პროექტის „ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერის ინიციატივა (FSI)“ ფარგლებში, გაიმართა საჯარო-კერძო დიალოგი, რომლის მიზანიც საქართველოს მთავრობის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და დაინტერესებული მხარეებისთვის პროგრამის დეტალური განხილვა იყო.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტში მოქმედი ფერმერები (მეცხვარეები და მესაქონლეები), რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმართველობის წევრები. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, რატი კოჭლამაზაშვილი, სსიპ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს აქტიურად გაუწევს კონსულტაციას. ასევე, კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება სახელმწიფო სექტორთან შუამდგომლობასა და ადვოკატირებაში.
ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა (FSI) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ დაფინანსებული პროექტია (2018-2021), რომლის მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობაში ჩართული მცირე მეწარმეების კონკურენტუნარიანობისა და შემოსავლების ზრდით. პროექტის შედეგად შერჩეულ რეგიონებში მცირე ფერმერები გაიუმჯობესებენ ბაზარზე პოზიციას და მათი შემოსავალი გაიზრდება. აღნიშნული მიღწეულ იქნება პროდუქტიულობის ზრდით, პროდუქციის დივერსიფიკაციითა და ბაზრებზე უკეთესი ხელმისაწვდომობით.


