Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ფერმერთა მსოფლიო ორგანიზაციის (WFO) აფილირებული წევრი გახდა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ფერმერთა მსოფლიო ორგანიზაციის მმართველი საბჭოს დადგენილებით, ასოციაციას აფილირებული წევრის სტატუსი მიენიჭა.

ადაწყვეტილების მიღებისას დეტალურად იქნა შეფასებული ფერმერთა ასოციაციის ორგანიზაციული შესაძლებლობები, განვითარების ეტაპები, დონორ ორგანიზაციებთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული შედეგები.

აფილირებული წევრის სტატუსი ფერმერთა ასოციაციას შესაძლებლობას მისცემს ჩაერთოს ფერმერთა მსოფლიო ორგანიზაციის მიზნების წარმატებით განხორციელებაში და საკუთარი წვლილი შეიტანოს ადგილობრივი და გლობალური  ფერმერული საქმიანობის მდგრადი განვითარების პროცესში.  ამასთან, ფერმერთა მსოფლიო ორგანიზაციის აფილირებული წევრობა ასოციაციისთვის მეტ შესაძლებლობას აჩენს, გაზარდოს საკუთარი საქმიანობის მასშტაბი და გააფართოოს აგროსექტორის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების პორტფელი.

„მოხარულები ვართ ფერმერთა მსოფლიო ორგანიზაციის აფილირებული წევრის სტატუსის მიღებით.  ეს ფერმერთა ასოციაციისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და ხაზს უსვამს ჩვენი მუშაობის ეფექტიანობას.  ახალი სტატუსი საშუალებას მოგვცემს ჩავერთოთ სხვადასხვა გლობალურ აქტივობაში, ვიყოთ საერთაშორისო მასშტაბის დისკუსიის მონაწილე, აქტიურად ვიმუშაოთ სხვადასხვა მიმართულების კომიტეტების ფორმატში, გავაზიაროთ საკუთარი და გავიზიაროთ სხვების ცოდნა და გამოცდილება, ასევე დავამყაროთ პარტნიორული ურთიერთობები წევრი ქვეყნების ფერმერულ ორგანიზაციებთან ადგილობრივი ფერმერების საკეთილდღეოდ“, – ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

ფერმერთა მსოფლიო ორგანიზაცია (World Farmers’ Organization) 2011 წელს დაარსდა და მისი სათავო ოფისი იტალიაში, ქ. რომში მდებარეობს.  ორგანიზაცია საქმიანობას რვა სამუშაო ჯგუფისა და კომიტეტის ფარგლებში ახორციელებს და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა სასურსათო უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება, ინოვაციები, აგრომეწარმეობაში ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობა, კოოპერატივები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება, მესაქონლეობა და სხვა.  ფერმერთა მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში და ინტენსიურად თანამშრომლობს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO).