23 მაისს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა . შეხვედრას, პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბ-ნი ლევან დავითაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ბ-ნი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და განათლებაზე ისაუბრეს. ფერმერების მხრიდან დაისვა კითხვები იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც დღეს სოფლის მეურნეობაშია.
სოფლის მეურნეობის სფეროში ახალგაზრდების ჩართვა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის დამკვიდრება და არსებული ფერმერების კვალიფიკაციის ამაღლება აგრარული სექტორის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ახალი ცოდნით და პროფესიული უნარებით ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება კი რეგიონის გაძლიერებისა და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია სწორედ, აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, აგრარულ სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს, ადგილობრივ ფერმერებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობისა და კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს სთავაზობს საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლების, გადამზადების შესაძლებლობებსა და აგრარულ საგანმანათლებლო რესურსებს. მათ შორის სახელმძღვანელოებს, აგრო-ბიბლიოთეკას, მობილური აპლიკაციას „აგრონავტი“ და კემბრიჯის დისტანციურ პროგრამებს.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ შემუშავებული წიგნის „მეცხოველეობა-მეფრინველეობა – წარმოების ტექნოლოგია“ პრეზენტაციაც გაიმართა. წიგნის შემუშავება და დაბეჭდვა განხორციელდა ფონდის “კონსტანტა“ და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.