Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

საქართველოს მასშტაბით, წელს 60 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან

საქართველოს მასშტაბით, წელს 60 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბათუმში განაცხადა.

ბათუმი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს სახელწოდებით „ციტრუსის ექსპორტი 2017“. ფორუმის მიზანი ციტრუსის ექსპორტის ხელშეწყობა და ამ მიზნით კონკრეტული ექსპორტიორი კომპანიების დაინტერესების გაზრდაა. 

„ველოდებით დაახლოებით იგივე მოსავალს, რაც გვქონდა გასულ წელს. საუბარია 60 ათას ტონა მანდარინის მოსავალზე საქართველოს მასშტაბით. ვფიქრობთ, კარგი მოსავალია. თუ კლიმატი ხელს შეგვიწყობს, გვექნება ხარისხიანი მოსავალი, რაც არის იმის პირობა, რომ ფერმერები ხელსაყრელ პირობებში მოახდენენ პროდუქციის რეალიზებას. 

ასევე აჭარის სოფლის მეორნეობის სამინისტროს ორგანიზებით, გადამამუშავებელი საწარმოებისთვის არის ხელშემწყობი პროგრამები და, შესაბამისად, არასტანდარტული მანდარინის დაბინავების პრობლემასაც არ ველოდებით“ – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ბათუმს სტუმრობენ ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები პოლონეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ლიტვიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. ციტრუსის ექსპორტისთვის პრიორიტეტული წელს სწორედ ეს მიმართულებები იქნება.

ფორუმის დასკვნით ნაწილში გაიმართება შემაჯამებელი დისკუსია, ადგილობრივ ციტრუსის დამამზადებლებსა და ექსპორტიორებს საშუალება ექნებათ, კომპეტენტური ორგანიზაციებიდან მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, ადგილზე გაესაუბრონ ერთმანეთს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, ადგილზევე გააფორმონ ხელშეკრულებები. 

აჭარაში უკვე დაიწყო საადრეო ჯიშის მანდარინის დაკრეფა. ციტრუსის სეზონი კი ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება.

წყარო: commersant