11 მაისს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის აგროსაინვესტიციო ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ადგილობრივ ფერმერებსა და ღონისძიების მონაწილეებს ასოციაციის საქმიანობა, მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტებმა მეთხილეობის, მეკენკრეობის, მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. ფორუმის მონაწილეებმა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს და რეგიონში აგროსექტორის სხვადასხვა მიმართულების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ გახსნეს.