Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

მცირე და საშუალო ბიზნესს სახელმწიფო ტენდერებში სპეციალური კვოტა ექნება

„ძალიან მალე შევიტანთ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მცირე და საშუალო ბიზნესს სახელმწიფო შესყიდვებში გარკვეული კვოტა ექნებათ“, ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრმა ლევან კობერიძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ექსკლუზიურად განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 20% ფედერალური ბიუჯეტის შესყიდვებიდან ცხადდება მხოლოდ საშუალო და მცირე ბიზნესისათვის და ჩვენ ვაპირებთ მსგავსი ტიპის ინიციატივით შევიდეთ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ბუნებრივია კონსულტაციები გვაქვს მთავრობასთან, მცირე და საშუალო ბიზნესთანაც და ა.შ. იქ არის მოსაზრება ეს პროტექციონიზმი ხომ არ იწვევს არაკონკურენტული გარემოს შექმნას, მაგრამ ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა. შეიძლება დასაწყისში 5% იყოს, მაგრამ რაღაც პროცენტი ტენდერების უნდა გამოცხადდეს მხოლოდ და მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. რატომ? ბუნებრივია, რომ მსხვილ ბიზნესს აქვს გაცილებით დიდი ფინანსური რესურსი და მას შეუძლია ყოველთვის დემპინგურ ფასზეც კი წავიდეს. მცირე ბიზნესი უბრალოდ ვერ შეძლებს ასეთ ტენდერებში მონაწილეობას. ეს კარგი საშუალება იქნება სახელმწიფოს მხრიდან შექმნას კარგი საფუძველი, რომელიც შემდეგ უკვე თვითონ უნდა განავითაროს და იმუშაოს. ეს იქნება სისტემური მიდგომა. დარგებიც შეზღუდული უნდა იყოს.  ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი სავარაუდოდ, მალე მიიღებს.

მთავრობისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესი არის ის პრიორიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად უნისონშია პარლამენტის და მთავრობის მოსაზრებები. არ ვფიქრობ, რომ ეს დროებითი ღონისძიება იქნება, სანამ მშპ–ში მცირე და საშუალო ბიზნესის მაჩვენებელი  60-70%-მდე არ გაიზრდება, მანამდე ეს პროგრამა საჭირო იქნება“-აცხადებს ლევან კობერიძე.

წყარო:Commersant.ge