Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ლევან დავითაშვილი ახალქალაქში კარტოფილის მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახალქალაქში კარტოფილის მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო. სამცხე–ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება. წელს ფერმერებმა უხვი მოსავალი მიიღეს და მეზობელ ქვეყნებში, კარტოფილის ექსპორტის ოდენობაც გაზარდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში კარტოფილის წარმოების დიდი წილი სამცხე–ჯავახეთის რეგიონზე მოდის და ქვეყნის მთლიან წარმოებაში 64%-ს შეადგენს, რაც კარტოფილის წარმოების მაღალი მაჩვენებელია.

წელს ექსპორტზე გატანილმა კარტოფილმა 35 ათას ტონას გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7-ჯერ არის გაზრდილი. მაღალი ხარისხის პროდუქციაზე მოთხოვნა შიდა ბაზარზეც დიდია. ფერმერების თქმით, ექსპორტისა და შიდა ბაზარზე მოთხოვნის გაზრდას ფასების გაორმაგება მოყვა, რამაც მათი შემოსავალი 2–ჯერ გაზარდა.

სოფლის მეურნეობის მინისტმა სამცხე–ჯავახეთში აგროკრედიტით მოსარგებლე ფერმერებიც მოინახულა. ლევან დავითაშვილმა, რეგიონის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ახალქალაქის რაიონში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პროდუქციის შემნახველი მეურნეობა დაათვალიერა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გაფართოვდა.

ი/მ სერიოჟა ეზოიანის პროდუქციის შემნახველ მეურნეობაში წლიურად 600 ტონა კარტოფილი და 200 ტონა მარცვლეული კულტურის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში 20 ადგილობრივი მოსახლეა მუდმივად დასაქმებული, ხოლო სეზონურად დასაქმებულთა რიცხვი 50 ადამიანით იზრდება. აღნიშნული საწარმო 2015 წელს გაფართოვდა. კომპანია პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 210 000 ლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 80 000 ლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ’’ხუთი ვარსკვლავი’’ წევრებსაც შეხვდა და მოსავლის ხარისხით დაინტერესდა.

კოოპერატივმა სახელმწიფო სტატუსი 2014 წელს მიიღო და 12 მეპაიეს აერთიანებს. კოოპერატივს აქვს სასაწყობე მეურნეობა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თავმჯდომარის ეღიზარ აღაჯანიანის განცხადებით, ორგანიზაციამ „მერსი ქორპსი“ (Mercy Corps) ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, 2015 წელს კოოპერატივს E კლასის კარტოფილის თესლი და სასუქი გადასცა. გრანტის თანხამ 15,500 ევრო შეადგინა.

წყარო:interpressnews.ge