სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაადასტურა, რომ წელს წინა წელთან შედარებით თხილის მოსავალი 20-30%-ით ნაკლები იქნება. თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე მოწერელიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში თხილის მოსავლის შემცირების მიზეზებზე ისაუბრა და ორი პრობლემა გამოყო.
„თხილის მოსავალი განახევრებულია, ჩვენ ველოდებოდით დაახლოებით 70 ათას ტონას და სამწუხაროდ, 40-50% ამ მოსავლის განადგურებულია. ამ პრობლემას ნუ დავაბრალებთ ფაროსანას, მასაც დიდი წვლილი მიუძღვის მოსავლის გაფუჭებაში, მისი წილი დაახლოებით 15-20%-ია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი პრობლემა, რასაც ქვია სოკოვანი დაავადებები და ბაქტერიოზი, რაც არის გავრცელებული და რამაც ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა თხილის მოსავალს. ფაროსანა რა თქმა უნდა, თხილს აზიანებს, მაგრამ ის მთლიანად ნაყოფს ვერ ანადგურებს, სოკოვანი დაავადება კი მთლიანად ალპობს ნაყოფს და ჩვენს თხილს რაც სჭირს ეს არის მასიური სიდამპლე.
ამის პირველი მაპროვიცირებელი არის კლიმატური პირობები, რაც ბოლო ორი წელიწადია საქართველოში და განსაკუთრებით დასავლეთში გვაქვს და მეორე – ჩვენი ნარგავების მასიური მოუვლელობა. სწორედ ამ უკანასკნელმა შექმნა დაავადების გავრცელების პირობები. მიზეზი ჩვენ არ უნდა ვეძებოთ გარეთ, პირველ რიგში თითოეულმა ფერმერმა უნდა მიხედოს საკუთარ ნარგავებს. რატომღაც გავრცელებულია აზრი, რომ თხილს მოვლა არ სჭირდება და ამასთან მჟავე ნიადაგზე მოხდა ნარგავების დარგვა, უმრავლესობა არის არასწორად გაშენებული, პლანტაციები გაუსხლავია, არის მთლიანად ქიმიურ სასუქებზე, არ ხდება მავნებლებთან ბრძოლა. როდესაც მავნებელს ვერ ერევა მოსახლეობა, მაშინ ერთვება სახელმწიფო. სახელმწიფომ მავნებლად გამოაცხადა ფაროსანა და დაიწყო მასთან ბრძოლის ღონისძიებები. მაგრამ ფაროსანა იმდენად არის მოდებული, მას მხოლოდ სამინისტრო ვერ მოერევა. ფაროსანა თუ აღმოსავლეთ საქართველოში კახეთსა და შიდა ქართლში გადმოვა უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ვენახებს, ვიდრე თხილს.
რაც შეეხება დაავადებებთან ბრძოლას, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო კამპანია, ჩადიან სამეგრელოში, შემდეგ იმერეთსა და აჭარაში, ხვდებიან ფერმერებს და აქვთ ტრენინგი, რა ღონისძიებები უნდა გაატარონ. სოკოვან დაავადებებთან ბრძოლა რთული არ არის, ამას სჭირდება სპილენძის ხსნარით ნარგავების დამუშავება, რატომღაც დასავლეთ საქართველოში ეს საერთოდ უგულებელყოფილია და შედეგიც სახეზე გვაქვს“,-აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
მისივე თქმით დაბალი ხარისხი მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასის შემცირებაშიც აისახა. „ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე არის ყველაზე იაფი, რადგან მისმა მოუვლელობამ და მისმა არასტაბილურმა ხარისხმა განაპირობა. ჩვენი მიზანი იყო პრემიუმ კლასში გადასვლა, თუმცა ბოლო მონაცემებით ჩვენ ამაზე ვერც ვიოცნებებთ. ჩვენი თხილის ფასი დღეს მსოფლიო ბაზარზე არის დაახლოებით 5.50$, ხარისხიდან გამომდინარე ცუდი ფასი არ არის… თურქულ თხილს ჩამოვრჩებით დაახლოებით 50 ცენტით“,-ამბობს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.