Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ვაშლის ჩიფსები ბაზარზე ერთ თვეში გამოჩნდება

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ქართული ვაშლის ჩიფსების წარმოებას იწყებენ, რომელიც ქართულ ბაზარზე ერთ თვეში გამოჩნდება. 
ჩიფსების წარმოების იდეის დეტალებზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე „კომერსანტი“ კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს შალვა მძინარაშვილს ესაუბრა. როგორც მძინარაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ჩიფსების საფასო პოლიტიკა საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზე იქნება გათვლილი.

პირველი იდეა ვაშლის ჩიფსების წარმოების შესახებ გუნდმა ბიზნესიდეების ერთ-ერთ კონკურსზე გაიტანა, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა და 5 ათასი ლარი მოიგო. შემდეგი ეტაპი სტუდენტური ინოვაციების პროგრამის ფარგლებში TS ფონდის გამოცხადებული კონკურსი აღმოჩნდა, სადაც გუნდმა 10 ათასი ლარის მოგება შეძლო.

შალვა მძინარაშვილის თქმით, კომპანიას საწარმო გორის რაიონ სოფელ კოშკში აქვს.

„კომპანიის მთავარი მიზანი იყო ჯანსაღი პროდუქცია გვეწარმოებინა. ჩვენ წარმოება გავზარდეთ და ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდა. ვაშლის ჩიფსები ბაზარზე ერთ თვეში გამოჩნდება. თავდაპირველად მხოლოდ ვაშლის ჩიფსებს გამოვუშვებთ, ხოლო შემდგომ ასორტიმენტს გავზრდით და მას ჭარხლის, ასევე სხვადასხვა ხილის ჩიფსები შეემატება. რაც შეეხება დიზაინს მას სპეციალური შესაკრავი ექნება, რათა გემური თვისებები შევინარჩუნოთ“, – განმარტა მძინარაშვილმა.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, „რაც შეეხება ვაშლის ჩიფსების ექსპორტზე გატანას, ამჟამად შემოთავაზება შვეიცარიიდან გვაქვს, თუმცა ამ ყველაფერს დაგეგმვა სჭირდება.“

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე ვაშლის ჩიფსებით დაინტერესება დიდია, თუმცა გუნდი სამომავლოდ სხვა პროდუქტის წარმოებასაც აპირებს.

„ვაშლის ჩირის გარდა ჩვენ სამომავლოდ განსხვავებული ფორმის ჩურჩხელის წარმოებას ვგეგმავთ. ჩუჩხელა იქნება მცირე ზომის და მას კუბის ფორმა ექნება, საბოლოოდ კი შოკოლადში ამოვავლებთ. ჩვენი პროდუქცია საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზე იქნება გათვლილი“, – აღნიშნა შალვა მძინარაშვილმა.

წყარო:commersant.ge