თბილისი (BPI) – ბაზარზე ყველის ახალი ბრენდი გამოჩნდება. ქვემო ქართლში გახსნილი რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „თელეთის ყველის სახლი“ მომხმარებელს სხვადასხვა დასახელების ყველს შესთავაზებს, მათ შორის დავარგებული ყველის რამდენიმე სახეობას. კომპანია მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს.
პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. საწარმოში დასაქმებულია 20 ადამიანი.
საწარმო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებშია დაფინანსებული. ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 366 010 აშშ დოლარია, აქედან სახელმწიფო თანადაფინანსება 146 404 აშშ დოლარი.
საწარმო შექმნილია სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით. კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით გეგმავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემის – HACCP – ის დანერგვას.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსდა 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო. ქვემო-ქართლის რეგიონში შეიქმნა 20 ახალი და გადაიარაღდა / გაფართოვდა 131 საწარმო.
წყარო:bpi.ge