Gfa

Tbilisi

16a Ateni Street

+995 32 2 193 003

Hotline

Info@gfa.org.ge

Email

ანტიკრიზისული გეგმა – ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე

ახალი სახელმწიფო პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება“ 

პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში  რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით).

0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შესაძლებლობა ექნება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს შემდეგი სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად:

  • სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებებიf
  • მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები
  • სათესლე და სარგავი მასალები.

1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე და მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ზემოაღნიშნული სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწის აგროტექნიკური (ხვნის) სამუშაოების მომსახურების შესაძენად.

პროექტის ფარგლებში, არაუმეტეს 10 ჰექტრისა ერთიანი მიწის ნაკვეთებისთვის სუბსიდია შეადგენს მაქსიმუმ 2000 ლარს. პროგრამით ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი.

პროგრამის ბიუჯეტი 37 000 000  ლარია და პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.

დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებს

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები, ახალი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დიზელის საწვავს შეღავათიან ფასად იყიდიან.

პროექტის ფარგლებში, საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. პროგრამის ბენეფიციარები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის  საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25 და მეტი ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელ ყველა ფიზიკურ და იურიდიული პირს. პროგრამით ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი და ფერმერები დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავენ. პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში წარმოიქმნა, სრულად ჩამოეწერება 42 000 ფერმერს

აღნიშნული დავალიანება ფერმერებს ჩამოეწერებათ ავტომატურად.

42 ათასზე მეტი ფერმერი 2020 წელს სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება, რაც 1 ჰექტარზე 75 ლარამდე გადასახადს გულისხმობს და ჯამში 5 მილიონ ლარს შეადგენს.

დახმარება განკუთვნილია ყველა ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციის და დრენაჟის მომსახურებით10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე (აღმოსავლეთ საქართველოში – ირიგაციის საფასური 1 ჰექტარზე 75 ლარი, დასავლეთ საქართველოში – ირიგაციის საფასური 1 ჰექტარზე 45 ლარი, დრენაჟის – 40 ლარი).

10 ჰექტარზე მეტი სავარგულის შემთხვევაში, მფლობელი გადაიხდის მხოლოდ სხვაობის საფასურს.

პროგრამით სარგებლობის პირობები

აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა უნდა გააფორმოს განაცხადი სამელიორაციო მომსახურებაზე, სადაც იქნება გაწერილი რამდენი ჰექტარი მიწა აქვს და რა პერიოდში (თვეების და თარიღების მითითებით) ესაჭიროება მომსახურება.

პროექტში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ცვლილებები შევიდა

  • პროექტში საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ემატება ახალი ქვეკომპონენტი – მემცენარეობის საბრუნავი საშუალებების დაფინანსება.

სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში, ხოლო არაუზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში – წლიური 17%-ის მოცულობით. პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 50,000,000 ლარი. წლიური პროცენტის თანადაფინანსების საბიუჯეტო თანხა შეადგენს 4,500,000 ლარს. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა  5,000 პოტენციურ ბენეფიციარს აქვს.
ვრცლად იხილეთ ბმულზე ARDA.GOV.GE

  • „შეღავათიანი აგროკრედიტის” ძირითადი საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი
  • არსებული წლიური 8%-ის  ნაცვლად სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს 11%-ს. იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც, ნაცვლად არსებული 9%-ისა იქნება 12 %. ძირითადი საშუალებების კომპონენტში და მის ყველა ქვეკომპონენტში იზრდება ბანკებისთვის დაწესებული პროცენტის ზედა ზღვარი, ნაცვლად 15%-ისა იქნება 18%. ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს ემატება ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება.

როგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 25,000,000 ლარი. წლიური პროცენტის თანადაფინანსების საბიუჯეტო ჯამური თანხა 4,000,000 ლარი (2 წლის განმავლობაში).ვრცლად იხილეთ ბმულზე: ARDA.GOV.GE

  • პროექტს კომპონენტად ემატება, მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეხორცული მიმართულების მეცხოველეობისათვის და მეთხილეობისთვის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე.

კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში.
ვრცლად იხილეთ ბმულზე: ARDA.GOV.GE

  • პროექტს ასევე დაემატა ახალი ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის.

ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხი გაიცემა  1 500 001 ლარიდან  5 000 000 ლარის ჩათვლით, რომლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10 %-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში. არსებულ მიზნობრიობებს ემატება ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების, პურისა და პურპროდუქტების წარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება. პროექტს ემატება აგროლიზინგის კომპონენტის ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 12% იქნება 24 თვის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 20,000,000 ლარი. 500,000 ლარის ბიუჯეტის ოდენობით ანაზღაურდება მეორადი უზრუნველყოფის ფარგლებში.

ვრცლად იხილეთ ბმულზე: ARDA.GOV.GE

 

პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ სარგებლობის პირობები

„შეღავათიანი აგროკრედიტით” სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.

ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს ფერმერთა/ფერმათა რეესტრში.

შეღავათიანი აგროკრედიტის” მიღების სურვილით პირს შეუძლია მიმართოს პროექტში ჩართულ 12 ბანკს, ხოლო შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობის სურვილით, მიმართოს პროექტში ჩართულ 4 სალიზინგო კომპანიას.

დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს პროექტში ჩართულ ნებისმიერ საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც განიხილავს განაცხადს. თუ პოტენციური მსესხებელი აკმაყოფილებს პროექტით დადგენილ პირობებს და ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, საფინანსო ინსტიტუტი გასცემს შეღავათიან აგროკრედიტს/აგროლიზინგს და ბენეფიციართან აფორმებს ყველა საჭირო დოკუმენტს, რის შემდეგაც, სააგენტო ახდენს სესხის/ლიზინგის თანადაფინანსებას.

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“ განახლდა

პროგრამა მოიცავს:

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, მათ შორის ხელის ტრაქტორების (მოტობლოკი) და იმპლემენტების) შეძენის თანადაფინანსებას.
  • ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის გაფართოება/მოდერნიზებისთვის  საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსებას
  • ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 50,000 ლარისა.  პროგრამის საბიუჯეტო თანადაფინანსების ჯამური თანხა შეადგენს 10,000,000 ლარს. პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ დაფინანსდება 200 ტრაქტორი, 80 000 კვ/მ სათბური და 400 ჰა მიწის ფართობზე მოეწყობა სარწყავი სისტემა.

პროგრამით სარგებლობის პირობები

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. განაცხადების მიღებას სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უახლოეს მომავალში დაიწყებს. განაცხადის ფორმა განთავსდება აღნიშნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.arda.gov.ge. პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.

ტექნიკური დახმარების პროგრამა სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის

პროგრამის მიზანია ხარისხიანი ქართული აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობა. პროგრამის ბიუჯეტი  1,500,000 ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ თანადაფინანსებას სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და  ბრენდირების მიმართულებით.

  • ბრენდირების და შეფუთვის დიზაინის მიმართულებით სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება  არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა.
  • სააგენტოს თანადაფინანსება სურსათის უვნებლობის სტანდარტების/სისტემების მიმართულებით განისაზღვრება  არაუმეტეს 50%-ით,  არაუმეტეს 15 000 ლარისა.
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში  თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 90%-ით,  არაუმეტეს 25 000 ლარისა.
    . ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეწევათ დახმარება ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის.

პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ აღჭურვილობა/დანადგარები, რომლის საშუალებით წარმოებული პროდუქცია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სარეალიზაციო ფორმით დამზადდება. სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა.  პროგრამა სააგენტოს ბენეფიციარებისათვის ასევე ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურებას და ტრენინგებს – საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.

პროგრამით სარგებლობის პირობები

პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ წარმოებული ფერმათა/ფერმერთა რეესტრში. ტექნიკური დახმარების პროგრამის განაცხადის ფორმა განთავსდება სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.arda.gov.ge.

ვრცლად პროგრამის შესახებ: ARDA.GOV.GE/

ცვლილებები აგროდაზღვევის პროგრამაში – მრავაწლოვანი კულტურების დაზღვევა სამწლიანი გახდა

აგროდაზღვევის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების თანახმად,    მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ დააზღვიონ საკუთარი მოსავალი სამი კალენდარული წლის განმავლობაში.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა,  სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ პოლისის ღირებულების 70%-ით, ხოლო  ვაზზე, 50%-ით განისაზღვრა.

სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.

2020 წელს პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტი შეადგენს  9 მილიონ ლარს. მიმდინარე წელს იგეგმება, 15,000-ზე მეტი სადაზღვევო პოლისი გაცემა და 12,000 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზღვევა.

პროგრამით სარგებლობის პირობები

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან სარგებლობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით. დამზღვევი ან მიწის მესაკუთრე ასევე რეგისტრირებული უნდა იყოს ფერმერთა/ფერმათა რეესტრში. ფერმერს შეუძლია დააზღვიოს როგორც ერთწლოვანი ისე მრავალწლოვანი კულტურა.

2020 წლის აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა ფერმერებს შეუძლიათ 2020 წლის 15 აპრილიდან. აგროდაზღვევის პოლისის შესაძენად, ფერმერმა უნდა მიმართონ პროგრამაში ჩართულ 7 სადაზღვევო კომპანიას: ალდაგი, ჯი პი აი ჰოლდინგი, ევროინს ჯორჯია, არდი, ალფა, თიბისი დაზღვევა, ნიუ ვიჟენ დაზღვევა.

ფერმერი აფორმებს ყველა საჭირო დოკუმენტს სადაზღვევო კომპანიასთან, იხდის სადაზღვევო პრემიის ღირებულების საკუთარ წილს, მოცდის პერიოდის (4 დღე) გასვლის შემდეგ პოლისი ძალაშია.

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება იწყება.

პროგრამის მიზანია დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის  ჩამოყალიბება და განვითარება შესაბამისი ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სოფლად რძის მცირე წარმოების  განვითარების ხელშეწყობა – ახალი სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა.

პროგრამა იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, ქვემო ქართლის, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში განხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს როგორც ახალი საქმიანობის დაწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას/მოდერნიზებას/გადაიარაღებას შემდეგი მიმართულებებით: რძის პირველადი წარმოება, რძის შემგროვებელი პუნქტი,  რძის გადამმუშავებელი საწარმო, პირუტყვის საკვების პირველადი წარმოება, ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება ხორციელდება პროექტის ღირებულების 40%-დან 80%-მდე თანადაფინანსებით, ხოლო თანხობრივი ლიმიტები მერყეობს 8000 ლარიდან 195,000 ლარამდე. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 42 მილიონ ლარს, აქედან, 2020 წლისთვის 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამით ისარგებლებს 60-მდე ფერმერი.

პროგრამით სარგებლობის პირობები

აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ან იჯარით  აქვს მიწის ნაკვეთი (იჯარის პერიოდი, არანაკლებ, 5 წელი) შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, გურია და ქვემო ქართლი.  პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო 2020 წლის 15 აპრილიდან.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ARDA.GOV.GE/

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი პროექტები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები, რაც  სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა  რგოლის მხარდაჭერას გულისხმობს.

ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის იმ აღჭურვილობის შეძენის დასაფინანსებლად, რომლის საშუალებითაც წარმოებული პროდუქცია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სარეალიზაციო ფორმით დამზადდება.  სახელმწიფო  პროგრამა ასევე  დაეხმარება კოოპერატივებს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და წარმოებული პროდუქციის  ბრენდირების მიმართულებით; სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეწევათ დახმარება ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის.

რძის წარმოებაში ჩართული მოსახლეობის შესაძლებლობების გაძლიერების, მათი შემოსავლების ზრდის და მაღალხარისხიანი, უვნებელი რძისა და რძის პროდუქტების წარმოების მიზნით ხორციელდება კოოპერაციული საწარმოების მხარდაჭერის მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროგრამები. რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული მძლავრი საწარმოების შეიქმნება ახალქალაქის, დმანისისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში.

პროგრამების შესახებ დამატებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:ARDA.GOV.GE/

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია: ცხელი ხაზის -1501 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, კონფიდენციალურობა დაცული);  ონლაინ ჩატის – livechat.apmaprojects.com მეშვეობით

წყაროს ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/Page/AntiCrisisPlan