LIDERFOOD-ი ბაზრის ლიდერობისთვის ემზადება — „ჩვენ ხორცპროდუქტების ბაზარზე 55%-იან წილს დავიკავებთ“

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია LIDERFOOD-ი ახალ ქარხანას ხსნის და ბაზრის 55 პროცენტის დაკავებას  გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი დუმბაძე „კომერსანტთან“  საუბრობს. მისი ინფორმაციით, კომპანიის ახალი ქარხნის მშენებლობა უკვე დასრულდა და მისი გახსნა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში იგეგმება.

დუმბაძის ინფორმაციით, ერთ ჰექტარზე აშენებული ქარხანა ამიერკავკასიაში უდიდესია. მისი თქმით, პროექტისთვის საჭირო თანხის 5 მილიონი დოლარის ნაწილი „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში აიღეს.

სამომავლოდ, დაახლოებით 1 წელიწადში, გარდა არსებული ასორტიმენტისა, კომპანია ნახევარფაბრიკატების წარმოებასაც დაიწყებს. ამ ეტაპზე წარმოებული იქნება სოსისები, ძეხვები და ა.შ. მისივე ინფორმაციით, პროდუქცია ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზრისთვისაა განკუთვნილი, თუმცა სამომავლოდ ექსპორტის დაწყებაც იგეგმება.

კითხვაზე, ამ დროისთვის კომპანიას ბაზარზე რა წილი უჭირავს და წარმოების გაფართოების შემდეგ, რას დაიკავებს, დუმბაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას ბაზრის 35% უკავია, წარმოების გაფართოების შემდეგ კი LIDERFOOD-ი ბაზრის 51-55 პროცენტით, ლიდერის პოზიციის დაკავებას გეგმავს.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება მისი კონკურენტი და ვის ჩანაცვლებას გეგმავს, დუმბაძე აცხადებს, რომ LIDERFOOD-ის კონკურენტი იქნება ადგილობივი და იმპორტირებული პროდუქციის ყველა მწარმოებელი და იმპორტიორი.

მისივე თქმით, კომპანია ნედლეულით და საჭირო სანელებლების ნაწილით გერმანიიდან და ესპანეთიდან მარაგდება,თუმცა, უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიაში ნედლეულის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი წარმოების იყოს.

LIDERFOOD-ი ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და პროდუქციას ქვეყნის მასშტაბით ყიდის. LIDERFOOD-ის ბრენდით ამ დროისთვის რამდენიმე ათეული სახეობის ხორცპროდუქტი იწარმოება.

წყარო:commersant.ge