Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ფაროსანასგან გამოწვეულ ზარალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია წლის ბოლოს იქნება ცნობილი

ფაროსანასგან გამოწვეულ ზარალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია წლის ბოლოს იქნება ცნობილი, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ფაროსანას პრობლემა არის გლობალური და დღეს უკვე ამაზე ყველა თანხმდება. 

„ეს არის გამოწვევა. იმ ქვეყნებში, სადაც ეს მავნებელი დღეს არ არის, ჩავთვალოთ, რომ ხვალ და ზეგ იქნება, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციები და ის დონორები, რომლებიც კომუნიკაციის პროცესში ქართულ მხარეს ეხმარებიან, აქტიურები არიან და რამდენიმე დონორის დახმარებით იმედი გვაქვს, რომ ინფორმაციის გავრცელებას შევძლებთ აფხაზეთში ფერმერებთანაც“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ფაროსანამ ზარალი შეიძლება გამოიწვიოს ფაქტობრივად, ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში, ვინაიდან ის 300-მდე კულტურის მტერია.

„მისი სირთულე ისიცაა, რომ არ ბუდობს ერთგან. მოძრაობს და მას შეუძლია გადაადგილება დღის განმავლობაში 50 კილომეტრზე მეტ მანძილზე. მარტივია ხოლმე მავნებელთან ბრძოლა, როდესაც მწერი საინტერესო ადგილს ნახავს და იქ იბუდებს, მაგრამ ფაროსანა ერთ ადგილას არ ჩერდება. სტრატეგია ითვალისწინებს ისეთ ტაქტიკურ ღონისძიებებს, რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ და ეს საკმაოდ რთულია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

რაც შეეხება ფაროსანასგან გამოწვეულ ზარალს, ლევან დავითაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია წლის ბოლოს იქნება.

„ამ მომენტისთვის შეუძლებელია, რომ სრული სურათი გვქონდეს, რადგან შემოდგომა სოფლის მეურნეობაში აქტიური ფაზაა. საბოლოო მონაცემებს დასჭირდება რამდენიმე თვე. ჩვენ რომ ზუსტი მონაცემები გვქონდეს, ამისთვის სტატისტიკური სხვადასხვა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ. გარკვეული მონაცემები გვექნება წლის ბოლოს, თუ რა კულტურებში რა ტიპის ზარალი შეიძლება მივიღოთ. ამაში ჩვენ გვეხმარება USAID-ის პროექტი, რომელიც პირველივე დღიდან იყო ჩართული და ამერიკული მხარე ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზარალის შეფასებაში, თუმცა რამდენიმე თვე დასჭირდება ზუსტ ინფორმაციას“, – განაცხადა დავითაშვილმა. 

წყარო:commersant.ge