Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

სკანდინავიაში ქართული თხილით დაინტერესდნენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, უკრაინა, მოლდოვა, შვედეთი, დანია  – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ქართული თხილით დაინტერესდნენ.

ქართულმა თხილმა ევროპელი იმპორტიორების ყურადღება გასულ თვეს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Riga Food 2017” მიიქცია. გამოფენაზე გამოიკვეთა პოტენციურ პარტნიორთა სია და შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაცია „ქეა“-ს ჩართულობით, მოლაპარაკებები დაიწყო.

„ქეა“-ს წარმომადგენელი რამაზ ბედიანაშვილი EUGeorgia.info-სთან საუბარში ამბობს, რომ ამჟამად მოლაპარაკებები პოლონურ მხარესთან  მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში, თხილის იმპორტზე სასაუბროდ, საქართველოში სკანდინავიის ქვეყნების წარმომადგენლებიც ჩამოვლენ.

„ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნებთან  აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საკმაოდ დიდი მოცულობის ექსპორტზეა საუბარი –   დაახლოებით, 80-100 ტონა თხილი თვეში. უახლოეს მომავალში, ქართული თხილის ნიმუშები პოლონეთში გაიგზავნება, სადაც ლაბორატორიულად შემოწმდება და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, კონკრეტულ შეკვეტებს მივიღებთ. თხილზე მოთხოვნა სკანდინავიის ქვეყნებიდანაც მაღალია. წლის ბოლომდე ისინი  აქ ჩამოსვლას  და პროდუქციის ადგილზე შემოწმებას აპირებენ“, – ამბობს რამაზ ბედიანაშვილი.

რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში თხილის მწარმოებელი კოოპერატივის, „სოფლის იმედის“ ხელმძღვანელმა, მალხაზ ხუნწარიამაც მიიღო მონაწილეობა. ევროკავშრის მიერ, ორგანიზაციასთან „ქეა კავკასიაში“ პარტნიორობით,  ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი კოოპერატივი „სოფლის იმედი“ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათში მდებარეობს. გრანტის საშუალებით, კოოპერატივმა თხილის გადამამუშავებელი საწარმოს გადაიარაღება და ტექნიკური განახლება მოახდინა.

EUGeorgia.info-სთან საუბარში მალხაზ ხუნწარია აღნიშნავს, რომ ქართული თხილით დაინტერესება მისი გემოვნური თვისებებითა და კონკურენტუნარიანი ფასით არის განპირობებული.

„თურქულთან შედარებით, ქართული თხილი ფასის კუთხით უფრო  კონკურენტუნარიანია, რადგან შედარებით იაფია. მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველოში წარმოებული თხილი არის უფრო უხარისხო, ვიდრე წინა წლებში, აზიური ფაროსანის და სხვა მიზეზების გამო – გამოფენაზე ბევრი უცხოელი აღნიშნავდა, რომ მათ სუპერმარკეტებში წარმოდგენილი თურქული თხილი, გემოვნური თვისებებით, ბევრად უხარისხოა. მაგალითად, ლატვიელებმა გვითხრეს, რომ ჩვენი თხილი გაცილებით გემრიელია“, – ამბობს მალხაზ ხუნწარია.

„სოფლის იმედში“, ამჟამად, 50-მდე ადამიანი, მათ შორის რამდენიმე შშმ პირია დასაქმებული. კოოპერატივს, სეზონზე, დაახლოებით, 2 500 კგ თხილის გადამუშავება შეუძლია. მალხაზ ხუნწარია ამბობს, რომ ევროპული კომპანიების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, კოოპერატივი თანამშრომლობისთვის მზად არის.

ორგანიზაცია „ქეა“-ს წარმომადგენელი რამაზ ბედიანაშვილი კი აღნიშნავს, რომ ევროპულ კომპანიებთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ევროპულ ბაზარზე თხილის გატანას არამხოლოდ „სოფლის იმედი“, არამედ სხვა კოოპერატივებიც შეძლებენ.

წყარო:eugeorgia.info