Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ეკონომიკის მინისტრი: კარგი იქნება, თუ მივეჩვევით საკვირაო მარკეტებს

თბილისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო. მინისტრმა მოადგილეებთან და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მარიანა მორგოშიასთან ერთად ქართული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. ღონისძიებაზე თბილისის მერი დავით ნარმანიაც იმყოფებოდა.

ძველ თბილისში, “მეიდანზე” გამართულ ორდღიან გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული პროდუქცია – სუვენირები, სამოსი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და ა.შ ღონისძიების ფარგლებში ასევე იმართება სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის კუთხით კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.

„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო კონცენტრირებულად ვეხმარებით ახალ, დამწყებ ბიზნესებს სხვადასხვა ინსტრუმენტებით, მათ შორის არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, „სტარტაპ საქართველო“ და ა.შ. ამ პროექტებმა გარკვეული პროდუქტი უკვე შექმნეს და ჩვენ ახლა ვეხმარებით იმაში, რომ ეს პროდუქტი მივიდეს მომხმარებლამდე. ძველი თბილისის ლოკაცია შეირჩა იმიტომ, რომ ძალიან გვინდა პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მიზნობრიობა მაქსიმალურად იყოს დაკავშირებული იმ მოთხოვნებთან, რომელსაც ტურიზმი აგენერირებს” – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ქართული პროდუქცია, რომელიც უნდა იყოს კარგი, ხარისხიანი და კონკურენტურიანი, საინტერესოა საქართველოში ჩამომსვლელი უამრავი ტურისტისთვის. „ვფიქრობ ეს ყველაფერი არის წარმატების საფუძველი მეწარმეებისთვის სხვადასხვა დარგში – სასტუმროს ბიზნესში, ტურიზმში, და ა.შ. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენ მივეჩვევით საკვირაო მარკეტებს, ხანდახან შემოვივლით ხოლმე და მხარს დავუჭერთ იმ წარმოებას და იმ პროდუქტს, რომელიც საქართველოში მზადდება“ – აღნიშნა მინისტრმა.

„ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ვეხმარებით მეწარმეებს მათი პროდუქციის პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში. შესაბამისად, ასეთი ტიპის ღონისძიებები მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, როცა ტურისტული ლოკაციაა შერჩეული. როგორც ხედავთ, ხალხის ნაკადი და დაინტერესება ძალიან დიდია”, – განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

სამეწარმეო მარკეტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილია ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.

წყარო: BusinessMediaGeorgia