Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ფერმერებს სასწავლო-პრაქტიკული სემინარები უტარდებათ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ფერმერებისთვის სასწავლო-პრაქტიკული სემინარები სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში ჩაატარეს. როგორც “კომერსანტს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 500-ზე მეტმა ფერმერმა დეტალური ინფორმაცია მიიღო თხილის მოვლა-მოყვანის, დაავადებებთან და მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების საკითხებზე.

განსაკუთრებული ყურადღება გავრცელებულ მავნებელთან, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს, მათ შორის, შესაწამლი პრეპარატების სწორად და დროულად გამოყენების საკითხებს დაეთმო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ფერმერების აქტიური ჩართულობა გადამწყვეტი იქნება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში.

ფაროსანას მიერ ფერმერებისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბების გათვალისწინებით, სამეგრელოში, გურიასა და იმერეთის რეგიონებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს.

გადამზადების კურსს გაივლიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს ადგილზე ოპერატიულად მიიღონ საჭირო რეკომენდაციები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე.

წყარო:commersant.ge