საქართველო ღვინის ტურიზმის საუკეთესო მიმართულებებს შორისაა

პოპულარული ბრიტანული ტურისტული ვებ-გვერდის Skyscanner მიერ შედგენილ რეიტინგში საქართველო ლიდერი აღმოჩნდა და პირველ სამეულში მოხვდა. Skyscanner-ის რეიტინგში — ’’ღვინის ტურიზმისთვის საუკეთესო იდეები 2017 წლის შემოდგომაზე“ საქართველო წამყვან პოზიციაზეა. 

«კარგი ღვინო მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში მზადდება, თუმცა Skyscanner-მა 10 საუკეთესო ქვეყანა აირჩია, სადაც შემოდგომაზე ღირშესანიშნაობებთან ერთად, შესაძლებელია უძველესი ღვინის სარდაფები მოინახულოთ, რთველში მიიღოთ მონაწილეობა და ფერად ფესტივალებზე გაერთოთ. 

მოგზაურებს, რომლებიც ღვინით არიან დაინტერესებული, რეიტინგის ავტორები წინანდლის, გურჯაანის, ალავერდის, თელავის და ალაზნის ველის მონახულებას ურჩევენ. 
«არ უნდა გამოგრჩეთ სიღნაღის მონახულება. ადგილობრივმა სილამაზემ და ღვინომ ერთხელ ისე მოხიბლა ამერიკელი მხატვარი ჯონ ვურდემანი, რომ ის სიღნაღში დასახლდა და მეღვინეობა დაიწყო. საკუთარი კომპანია «ხოხბის ცრემლები» დააარსა და ღვინის ტურიზმის განვითარებას მიჰყო ხელი. მალე საკუთარი რესტორანიც გახსნა, სადაც სურათების გალერეა მოაწყო», — ვკითხულობთ სტატიაში. 

სტატიის ავტორი მკითხველს რთველის ტრადიციასაც აცნობს: 
«მოგცემენ ვაზის სასხლავ სეკატორს, უზარმაზარ კალათას და გაგიშვებენ ვენახში. საღამოს კი ტრადიციულად გემრიელი ქართული კერძებით სავსე სადღესასწაულო სუფრასთან მიგიპატიჟებენ, რომელსაც ხალხური სიმღერებით, ცეკვებით და სადღეგრძელოებით ალამაზებენ. ასევე შემოდგომაზე საქართველოს მონახულება შესანიშნავი შესაძლებლობაა ყურძნისა და კაკლისგან ან თხილისგან დამზადებული ტკბილეულის «ჩურჩხელას“ დასაგემოვნებლად», — წერს ვებ-გვერდი. 

Scyscanner-ის რეიტინგის პირველ პოზიციაზე საფრანგეთია, რომლის მეღვინეობის ტრადიციებზე საუბარი, როგორც პორტალი წერს, ხაზგასმას არ საჭიროებს. მეორე ადგილზე იტალიაა თავისი ცნობილი მეღვინეობის რეგიონებით: ლომბარდია, ტრენტო, ფრიული, პიემონტი და ტოსკანი. სამეულს საქართველო ხურავს, რომელსაც მოჰყვა: პორტუგალია, უნგრეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, მოლდოვა, ესპანეთი და რუსეთი.

წყარო: BusinessMediaGeorgia