სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვან კომპონენტებს აძლიერებს

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მეწარმეთა და ექსპორტიორთა ახალ ხელშემწყობ პროგრამებსა და პროექტებს იწყებს. ოქტომბრიდან სააგენტოში ექსპორტის განვითარების დეპარტამენტი ამოქმედდება, რომელსაც მრავალი სხვა ამოცანის გადაჭრასთან  ერთად  პლატფორმის Trade with Georgia განახლება და ეფექტიანობის გაზრდა დაევალება. ამას გარდა, დეპარტამენტი უხელმძღვანელებს განათლებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტებს. სააგენტო 2018 წლიდან აამუშავებს განახლებულ ვებ-გვერდს, სადაც ონლაინ ტრენინგებთან და სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად განთავსდება სხვადასხვა კვლევები მეწარმეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. იგეგმება ასევე ანალიტიკური დეპარტამენტის გაძლიერებაც, რომელიც მოემსახურება როგორც ექსპორტის, ისე საინვესტიციო მიმართულებას, ხოლო მომავალი წლიდან მიზნობრივი კვლევითი ანალიტიკური სამუშაოებიც ჩატარდება.

ტექნიკური მხარდაჭერა

ერთ-ერთი სიახლე მეწარმეთა ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტის გაძლიერებაა, რაშიც იგულისხმება ბიზნეს საკონსულტაციო სერვისი, ბრენდინგი, მარკეტინგი, ლიცენზირება, სერტიფიცირება. მაგალითად, თუ კომპანიას სურს ევროპაში შეიტანოს თავისი პროდუქტი და ბაზარი ითხოვს სერტიფიკატს ან რომელიმე სტანდარტს, სააგენტო შესაძლოა დაეხმაროს ასეთ კომპანიას და ნაწილობრივ დაუფინანსოს სერტიფიცირების ხარჯები.

“ვფიქრობთ, რომ ტექნიკური მხარდაჭერა იქნება ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი ექსპორტიორი კომპანიებისთვის, რათა გაიზარდოს მათი საექსპორტო პოტენციალი, სერტიფიცირების, ლიცენზირების და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების კუთხით. განსაკუთრებული აქცენტი ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესზე გვაქვს აღებული. ასეთ კომპანიებს როგორც წესი არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ საკონსულტაციო სერვისებით ისარგებლონ, ახალ ბრენდინგზე იფიქრონ საერთაშორისო მარკეტინგის კუთხით, რომელიმე სერტიფიკატი ან ლიცენზია აიღონ. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ სწორედ მათ დავეხმაროთ, მეტი სტიმული მივცეთ და ხელი შევუწყოთ, ქართული კერძო სექტორის ინტერნაციონალიზაციას”— განაცხადა სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ზვიად ქვლივიძემ.

საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით სააგენტომ შეიმუშავა ექსპორტის მზაობის ტესტი (export readiness test), რომელიც წარმოადგენს კითხვარს და კომპანიებს აძლევს საშუალებას შეამოწმონ რამდენად მზად არიან ექსპორტირებისთვის. ეს ტესტი სააგენტოს ეხმარება გამოავლინოს კომპანიების საჭიროებები და შესთავაზოს მათ ამ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება როგორც ბაზრებზე შეღწევადობის კუთხით, (გამოფენებსა და  სავაჭრო მისიებში მონაწილეობა), ასევე ტექნიკური მხარდაჭერის და განათლების მიმართულებით.

“ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მოგვმართოს და ამ ტესტს უფასოდ გავუკეთებთ.  ამ ტესტის ონლაინ ფორმა ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა,  სააგენტო ვებ-გვერდის განახლებაზე მუშაობს ამჟამად და საბოლოოდ გვინდა, რომ ბევრი სერვისი გავიტანოთ ონლაინ, მათ შორის იქნება ექსპორტის მზაობის ტესტის ონლაინ ვერსიაც”— აღნიშნა ზვიად ქვლივიძემ.

ამას გარდა, ტექნიკური დახმარების კუთხით სააგენტო ქართულ კომპანიებს EEN( enterprise europe network)-ში დარეგისტრირებაშიც ეხმარება. EEN ევროპული ორგანიზაციაა და ეხმარება ევროპულ და ასევე ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში მოღვაწე კომპანიებს ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობის გაფართოებაში. ეს არ გულისხმობს მარტო ექსპორტს, არამედ — იმპორტსაც. ქართული კომპანიებისთვის იგი საინტერესო პლატფორმაა, რადგან დარეგისტრირების შემდეგ მათ ექნებათ მუდმივი ხელმისაწვდომობა ისეთ ინფორმაციებზე, როგორიცაა მაგალითად რომელიმე ევროპული ინსტიტუტების ან  ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული ტენდერები.

“გვინდა EEN-ის კუთხით უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა და უფრო მეტ კომპანიას შევუწყოთ ხელი რომ დარეგისტრირდნენ.  ეს შეიძლება იყოს ელექტროკაბელები, სამშენებლო მასალები, კვება, სასმელები, რეალურად ჩვენს კერძო სექტორს რაშიც აქვს უპირატესობა და რაშიც შეიძლება ვიყოთ ძლიერები. ეს იმ კომპანიებისთვისაა, ვისაც უნდა თავიანთი კარგი ხარისხის პროდუქცია შესთავაზონ ევროპულ ბაზარს. EEN ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და გვინდა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ ინსტრუმენტის ათვისებას ქართული კომპანიების მხრიდან. ჩვენთვის პრიორიტეტულია ევროკავშირის ბაზარი და ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ქართული კომპანიების ევროპასთან ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი პროცესია”-აღნიშნა ზვიად ქვლივიძემ.


პორტფელური მენეჯმენტი

ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით სოფლის მეურნეობის გარდა დაემატა ახალი სექტორები, რომლებსაც გააჩნია მაღალი საექსპორტო პოტენციალი. ამ სექტორების არჩევა მოხდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ კვლევებზე დაყრდნობით. ერთ-ერთი მთავარი სექტორული კვლევა  2011 წელს გაკეთდა EPI( Economic Prosperity Initiative)-ის ფარგლებში, სადაც შეფასდა 25-მდე სექტორი. ამასთანავე მსოფლიო ბანკმა და GIZ-მაც(გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) გააკეთეს სხვადასხვა სექტორული კვლევები.სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილე ზვიად ქვლივიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტში სხვადასხვა სექტორებს სხვადასხვა “პორტფელის მენეჯერები” უძღვებიან. თითოეული პორტფელის მენეჯერი ხელმძღვანელობს ერთ ან ორ სექტორს. სოფლის მეურნეობის სექტორთან ერთად სააგენტო მუშაობს შემდეგ პოტენციურად მნიშვნელოვან სექტორებზე:

  1. საფეიქრო სექტორი, მსუბუქი მრეწველობა, კონკრეტულად ტანსაცმლის წარმოება.
  2. ინფორმაციული ტექნოლოგიები, სადაც იგეგმება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების წახალისება.
  3. ბიზნეს-საკონსულტაციო სერვისები, რაც გულისხმობს ქართული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების მიერ პროდუქტების და მომსახურების გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთ, იმისათვის რომ ხელი შეეწყოს ამ კომპანიების ზრდას და განვითარებას;
  4. ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურული მომსახურება. სააგენტო მზად არის ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს ინტერნაციონალიზაციაში, იმისათვის, რომ უფრო მეტი საერთაშორისო პროექტში მიიღონ მონაწილეობა და მეტ უცხოელ პარტნიორთან ითანამშრომლონ.
  5. ავეჯის წარმოება. სააგენტომ GIZ-თან ერთად დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით და იგეგმება ამ სექტორის კლასტერული განვითარების გზით კომპანიების ხელშეწყობა. კლასტერი არის ახლო გეოგრაფიულ არეალში მყოფი ერთი ინდუსტრიის ფირმების გაერთიანება. მიჩნეულია, რომ ამგვარი გაერთიანება აჩქარებს ინდუსტრიის განვითარების პროცესებს.

ქვლივიძის თქმით, სექტორული ხელშეწყობა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, გლობალურ გარემოში ქართული კომპანიები საერთაშორისო უახლეს ტენდენციებს და ტექნოლოგიებს გაეცნობიან და მერე უკვე ადგილობრივ ბაზარზეც უფრო კონკურენტუნარიანები გახდებიან. მაგალითად ბიზნეს საკონსულტაციო სერვისების სექტორის განვითარებას და ამ სერვისების ექსპორტზე გატანას იგი სტრატეგიულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს:

“როდესაც ეს სექტორი არის უფრო კონკურენტუნარიანი და ქართული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიები უფრო დახვეწენ თავიანთი მომსახურების ხარისხს, ეს კარგია, რა თქმა უნდა, სხვა სექტორებისთვის საქართველოში, იმიტომ ისინი უკვე უკეთეს მომსახურებას იღებენ ადგილობრივ ბაზარზე”— აღნიშნა ზვიად ქვლივიძემქვლივიძის თქმით, სააგენტოში მოხდა ექსპორტიორი და ექსპორტის პოტენციალის მქონე კომპანიების კლასიფიკაცია 4 ჯგუფად. ამ ჯგუფებში გადანაწილებული კომპანიების უმრავლესობა მცირე და საშუალო მეწარმეები არიან. ოთხივე კატეგორიაში წარმოდგენილი კომპანიები ძირითადად სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობენ. კლასიფიკაციაში არ შედის სერვისების სექტორი და მძიმე მრეწველობა:

  • D კატეგორიაში გაერთიანდა ისეთი კომპანიები, რომელთაც ამჟამად ექსპორტზე არ გააქვთ თავიანთი პროდუქცია, მაგრამ აქვთ პოტენციალი. ამ კატეგორიაში სააგენტოს მიერ 300-მდე კომპანიის იდენტიფიცირება მოხდა.  ასეთი კომპანიების დახმარება მათი საჭიროებების მიხედვით მოხდება. მაგალითად სააგენტო ასეთ კომპანიებს თავაზობს ექსპორტის მენეჯერის ტრენინგებს, რომელიც 2 ოქტომბერს დაიწყება. 2 თვიანი ტრენინგის ფარგლებში, რომელიც კავკასიის ბიზნეს სკოლის ბაზაზე ჩატარდება, მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ექსპორტის მენეჯმენტისა და ექსპორტის მთლიანი ციკლის შესახებ. ასეთს ტრეინინგებს სააგენტო  უკვე მესამე წელია ატარებს, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ახლა ტრენინგი ჩაუტარდება სწორედ ახალი კვლევის შედეგად გამოვლენილი, საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიებს. წლევანდელ ტრენინგზე 25 მონაწილეა დარეგისტრირებული. თუმცა, ტრენინგზე დასწრება შეეძლებათ მათაც, ვინც ექსპორტით ამ ეტაპზე არ არის დაინტერესებული ან მათ, ვინც დამწყები ექსპორტიორია.
  • C კატეგორიაში არიან კომპანიები, რომელთაც რამდენჯერმე გაუტანიათ ექსპორტზე თავიანთი პროდუქტი, ან შესაძლოა ექსპორტზე გააქვთ ბოლო 1 ან 2 წელია  და აქვთ პოტენციალი, რომ უფრო გააფართოონ ექსპორტი, შევიდნენ ახალ ბაზრებზე. ასეთი კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა შესაძლოა სააგენტომ დააფინანსოს.
  • B კატეგორიაში ერთიანდებიან კომპანიები, რომელსაც 5-10 წელია სტაბილურად გააქვთ თავიანთი პროდუქცია ექსპორტზე და ამავდროულად აქვთ მეტი შესაძლებლობები, რომ კიდევ უფრო გააფართოონ საექსპორტო ბაზრები. სააგენტო მათ დაეხმარება მაღალი დონის საერთაშორისო გამოფენებში მიიღონ მონაწილეობა, რაც ხელს შეუწყობს არა მარტო კომპანიებისთვის ახალი ბიზნეს პარტნიორების მოძიებას, არამედ ქვეყნის იმიჯის გაზრდას, და ქართული პროდუქტის, როგორც პრემიუმ ხარისხის პროდუქტის პოპულარიზაციას უცხოეთის ბაზრებზე.
  • A კატეგორიაში მოიაზრება მსხვილი ექსპორტიორი კომპანიები რომლებიც 20 წელზე მეტია რაც ეწევიან თავიანთი პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე. ამ ჯგუფში გაერთიანებულ კომპანიებს აქვთ ექსპორტის სერიოზული გამოცდილება. ასეთი კომპანიაა მაგალითად ბორჯომი. ამ ტიპის კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ქვლივიძის თქმით, აუცილებელია და სააგენტო რეგულარულად იწვევს მათ მაღალი დონის გამოფენებზე.

განათლება

ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის ერთ-ერთი მიმართულებაა განათლება, რაც გულისხმობს ექსპორტის მენეჯერების ტრეინინგებს და სხვადასხვა ონლაინ ტრენინგებს, რომელთა მომზადებასაც სააგენტო უახლოეს მომავალში გეგმავს. ქვლივიძის აზრით, ონლაინ ტრენინგები განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება საინტერესო.

“მაგალითად ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლებში შეიძლება მომზადდეს რამდენიმესაათიანი ონლაინ ტრენინგი  და მოიცვას ექსპორტის მთლიანი ციკლი. ამ ონლაინ ტრენინგების საშუალებით უფრო მეტ კომპანიას მივწვდებით, მაგალითად მიკრო-ბიზნესებს რეგიონებში, ვისაც კი ინტერნეტთან აქვს წვდომა შეეძლება უფასოდ მიიღოს ეს ინფორმაცია. ასევე  დაგეგმილი გვაქვს ონლაინ ტრენინგები მენეჯმენტის, მარკეტინგის, ბრენდინგის საფუძვლებში, ზოგადად ბიზნესის ადმინისტრირებაში”- განაცხადა ზვიად ქვლივიძემ.

რაც შეეხება უახლოეს მომავალში დაგეგმილ ექსპორტის მენეჯერების ტრენინგს, იგი  მოიცავს ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, პროდუქციის ხარისხს, მარკეტინგს, ბრენდინგს, საერთაშორისო გაყიდვების არხებს და სხვა. აღნიშნული ტრენინგი უკვე მესამე წელია რაც ტარდება. აღმოჩნდა, რომ იმ კომპანიებს რომელთაც ექსპორტზე გააქვთ თავიანთი პროდუქტი შესაძლოა არ ჰყავდეთ ექსპორტის მენეჯერები და ეს ფუნქცია შეთავსებული ჰქონდეს ბუღალტერს ან მარკეტინგის მენეჯერს, რაც აფერხებს კომპანიის საექსპორტო არხების გაფართოებას.

“ექსპორტის მენეჯერი არა მარტო არსებულ ექსპორტზე მუშაობს და ამ პროცესის მართვას უზრუნველყოფს, არამედ სხვა საექსპორტო პოტენციალის იდენტიფიცირებას ახდენს და ახალ პროდუქტებს სწავლობს, იმისათვის, რომ გააფართოოს და გაზარდოს ექსპორტი. თუ მიმდინარე ექსპორტის მართვა შეთავსებული აქვს რომელიმე მენეჯერს, იგი ვერ უთმობს საკმარის დროს და რესურსს ექსპორტის განვითარებას, არ აქვს მაგალითად ექსპორტის განვითარების გეგმა. ეს კურსი საშუალებას აძლევს ექსპორტის მენეჯერებს დაეუფლონ ექსპორტის მენეჯმენტის სრულ ციკლს და ექსპორტზე მოქმედ მნიშვნელოვან ფაქტორებს”— აღნიშნა ქვლივიძემ.

წყარო: eugeorgia