რა პრობლემები აქვთ ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორებს?

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საექსპორტო არეალი გაიზარდა და ჩვენი პროდუქცია ევროპულ ბაზარზეც გადის, აგროსასურსათო პროდუქცია ძირითადად მაინც „შეჩვეულ“ ქვეყნებში იყიდება. 
ევროპაში ქართული პროდუქციიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო და თხილი გადის, რაც შეეხება ხილსა და ბოსტნეულს, ის ტრადიციულ ბაზრებზე — პოსტსაბჭოთა სივრცეში უფრო იყიდება. რა მდგომარეობაა დღეს ამ ბიზნესში და რა პრობლემები აქვთ ქართველ ექსპორტიორებს? — ამ შეკითხვით შპს „შმაგის“ ხელმძღვანელს — მანანა გელაძეს მივმართეთ. ქალბატონი მანანა მიიჩნევს, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს პროდუქციის ექსპორტი ძალიან უჭირთ. 

„ ჩვენი ფირმა ექსპორტს რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში აწარმოებს. უკვე ორი თვეა, გაჩერებული ვართ. ატმის ექსპორტზე ნორმალურად ვიმუშავეთ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოც ძალიან დაგვეხმარა, მაგრამ მატერიალური მხარე მაინც ყველაფერს წყვეტს და ჩვენი საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შევძელით. მერე ნიორიც შემოვიდა, პომიდორიც, შინდიც, მაგრამ ექსპორტზე ვერც ერთი ვერ გავიტანეთ. დიდი იმედი გვქონდა, რომ პომიდვრის ექსპორტზე მაინც ვიმუშავებდით, მაგრამ ვერ გაგვაქვს, რადგან სახსრები არ გვყოფნის. მცირე და საშუალო ბიზნესი ამ სფეროში ძალიან პასიურია, ეს ეხება არა მარტო ჩვენს ფირმას, არამედ ყველას, ვისაც ვიცნობ. მცირე ბიზნესის დიდი ნაწილი უსახსრობის გამო გაჩერებულია. საქმე მარტო პროდუქციის შესყიდვა ხომ არ არის? — ხილს და ბოსტნეულს დახარისხება და ტრანსპორტირება სჭირდება, ყველაფერს თავისი ხარჯი აქვს და ჩვენი მიზერული მოგებით ამ ხარჯებს ვერ ვწვდებით“, — აღნიშნავს მანანა გელაძე. 

მისი თქმით, მსხვილ ფირმებთან კონკურენციის გაწევა რთულია.

„დიდი ბიზნესი ვისაც აქვს, მისი შემოსავალიც სოლიდურია, თანაც, მათთვის შეღავათიანი კრედიტის აღება პრობლემას არ წარმოადგენს. დიდ ფირმებს მაცივრები აქვთ, სადაც ხილ-ბოსტნეულს ინახავენ და ზამთრის სეზონზე ორმაგ ფასად ყიდიან, ჩვენ კი, სეზონურ მოსავალზე ვართ დამოკიდებული. კრედიტის სანაცვლოდ ბანკი ისეთ გარანტიებს მოითხოვს, რომელსაც ჩვენ ვერ შევწვდებით. ამ საქმეში 4-5 ათასი ლარი არაფერია, დასაწყისისთვის 25-30 ათასი ლარი მაინც გჭირდება, რომ პოზიციები შეინარჩუნო. ისეთი გადასახადები გვაქვს, რომ ვერ ვწვდებით. არსებობისთვის ვიბრძვით, თორემ ჩვენ ამ ბიზნესისგან მილიონები არასოდეს დაგვრჩენია“, — აცხადებს მანანა გელაძე. მისგან განსხვავებით, იმედიანად არის განწყობილი შპს „ფრუიტილიას“ დამფუძნებელი — ვახტანგ ბეჟიტაშვილი. 

„ჩვენი ფირმა ჩვეულებრივად მუშაობს, სერიოზული პრობლემები არ შეგვქმნია, მით უმეტეს, რომ ათასობით ტონა პროდუქცია გაგვაქვს ყოველწლიურად. საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიაა, რომელსაც ამხელა ბრუნვა აქვს. წელს ძალიან კარგად იმუშავა ვაშლატამამ და ატამმა, პომიდვრის ექსპორტიც ნორმალურად ჩავატარეთ და ახლა უკვე შინდის გატანა დავიწყეთ. მართალია, შარშანდელთან შედარებით მცირედი კლება გვაქვს, მაგრამ ეს კლიმატური პირობების ბრალია. ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქცია რუსეთში და ყაზახეთში გაგვაქვს — ეს არის ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზარი“, — აღნიშნავს ვახო ბეჟიტაშვილი. 

„ფრუიტილიას“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ექსპროტის სტიმული, მისი წახალისება ყველა ქვეყანაშია მიღებული და ეს ტენდენცია ჩვენთანაც უნდა დაინერგოს.

„ჩვენთვის სულ მცირე შეღავათიც კი ბევრს ნიშნავს. სოფლის მეურნეობის პროდუქცია რისკიანი პროდუქციაა და ამიტომაც სჭირდება შეღავათიანი სესხები. ბანკიდან სესხის გამოტანა ბიზნესს ძალიან ძვირი უჯდება, რადგან ყველა კომერციულ ბანკს მაღალი პროცენტი აქვს დაწესებული. პრობლემაა საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობაც, მაგალითად, ჩვენი ფირმის საგადასახადო შემოწმება რამდენჯერმე გადაავადეს და საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ მიგვიღია. ბუნებრივია, ეს გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის, რადგან უკვე 6 თვეა შემოწმების რეჟიმში ვიმყოფებით, არადა, 3 თვეზე მეტ ხანს შემოწმების უფლება არა აქვთ. საგადასახადო ორგანოებმაც ხელი უნდა შეგვიწყონ, რომ როგორმე წინ წავიდეთ და ერთ ადგილზე არ გავიყინოთ“, — ამბობს ვახო ბეჟიტაშვილი. 

ექსპორტიორის შეფასებით, წლევანდელი წელი მათთვის ცუდი არ იყო, მაგრამ უკეთესი შედეგის მიღწევაც შეიძლებოდა. 

„ იაფი კრედიტის აღების საშუალება რომ გვქონოდა, კლიმატურ პირობებსაც ხელი შეეწყო და საგადასახადო შემოწმებაც მალე დასრულებულიყო, პროდუქციის ექსპორტს გავაორმაგებდით. მიუხედავად უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორისა, უკმაყოფილონი მაინც არ ვართ, თანაც, უკვე ყურძენი შემოვიდა. რამდენიმე პარტია ექსპორტზე უკვე გავაგზავნეთ და თუ შეკვეთები გვექნება, კიდევ გავაგზავნით. ჩვენს ქვეყანაში პირველ რიგში ხელმისაწვდომი კრედიტები უნდა არსებობდეს, რაც შეიძლება მეტ თანხაზე უნდა ჰქონდეთ წვდომა ფერმერსაც და ექსპორტიორსაც და ამის შემდეგ ყველაფერი დალაგდება — ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს“ — აღნიშნა ვახო ბეჟიტაშვილმა ჩვენთან საუბრისას. 

ხათუნა ჩიგოგიძე

წყარო: BusinessPressNews