ოქტომბრის ბოლოს გერმანულ ბაზარზე საქართველოდან ფარსმანდუკი და კრაზანა გავა

ორი წლის წინ მცხეთა-მთიანეთში, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, 5 კოოპერატივი შეიქმნა. დღეს მათ მიერ შეგროვებული სამკურნალო მცენარეები ექსპორტზე ევროკავშირის უმსხვილეს ქვეყანაში, გერმანიაში გადის. რატომ დაინტერესდა გერმანია ქართული მცენარეებით და რა პოტენციალი აქვს ტყის არამერქნულ პროდუქტებს ევროკავშირის ბაზარზე, ამის შესახებ  EUGeorgia.info პროექტის კოორდინატორს, მარიკა ზარანდიას ესაუბრა.

—         ქ-ნო მარიკა, მოგვიყევით თქვენი პროექტის შესახებ..

პროექტი „ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება და გადამუშავება — ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა“ 2015 წელს დაიწყო. მას  ორგანიზაციები: „სოფლად განვითარების სააგენტო“ და „ბრიჯ — ინოვაცია და განვითარება“, OXFAM-მ საქართველოს მხარდაჭერით და ბრიტანული ფონდის, BLF-ის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა 5 კოოპერატივი: 3 მცხეთის, 2 კი დუშეთის მუნიციპალიტეტში. კოოპერატივებში გაერთიანებულია 77 ადამიანი, მათ შორის 50 ქალი. ხუთივე კოოპერატივი ბიო სერტიფიცირებულია  ერთ-ერთს კი, დამატებით, ორგანული სერტიფიკატი აქვს, რომელიც ამერიკული და სხვა ბაზრებისთვის არის საჭირო.

—         რა პროდუქცია გავიდა წელს ექსპორტზე?

წელს, გერმანიაში კოოპერატივების მიერ წარმოებული ფურისულა გაიგზავნა, ოქტომბრის ბოლოს კი, გავა ფარსმანდუკი და კრაზანა. წლის ბოლომდე, გერმანულ ბაზარზე, დაახლოებით 2 ტონა გამშრალ მაჟალოს და ასევე, ასკილს გაიტანენ. ფურისულას შეგროვება იწყება აპრილიდან, ფარსმანდუკის და კრაზანის ივნის — ივლისში,  ახლა დაიწყეს ასკილის შეგროვება, რაც დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

—         როგორ შეძლეს ასეთ მოკლე პერიოდში წარმატების მიღწევა?

ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შემოსავლის დამატებითი წყარო გაუჩნდა. საუბარია არამხოლოდ კოოპერატივებზე, არამედ ყველა იმ მოსახლეზე, რომელიც ამ კოოპერატივების გარშემო ცხოვრობს. კოოპერაციული თანამშრომლობა მათთვის ახალი გამოცდილება იყო, თუმცა  მეტნაკლებად, სირთულეები გადალახვა შეძლეს. კოოპერატივების წევრებს ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება/გაშრობის გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდათ, შემდეგ გაიარეს სხვადასხვა ტრენინგი, რაც საქმიანობის და წარმატების მიღწევაში დაეხმარათ.

 —         თუ აპირებენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სხვა მცენარეების შეგროვებას?

კოოპერატივებში სამკურნალო მცენარეების წარმოება ხდება მოთხოვნისდა მიხედვით. მოთხოვნისა და შესაბამისი ფასის შემთხვევაში, შეუძლიათ, ნებისმიერი მცენარის თუ ხილ-კენკრის დამზადება. ამ ეტაპისთვის, კომპანია „როუზ ოფისს“, რომელთანაც კოოპერატივები თანამშრომლობენ, მოთხოვნა აქვს ფურისულაზე, ფარსმანდუკზე, კრაზანასა და მაჟალოზე.  მეორე კონტრაქტორი-კომპანია — „ბიო პროდუქტი“, რომელსაც ასკილის წვენები დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, აშშ-ში, კანადაში გააქვს, ასკილით არის დაინტერესებული.

 —         რატომ არის მოთხოვნა ქართულ მცენარეებზე გერმანიაში?

ევროპაში ფურისულას ხველების საწინააღმდეგო წამლისთვის იყენებენ, რადგან დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ტყის მაჟალოს კი, აქუცმაცებენ და ჩაის უმატებენ. მაგრამ ევროპაში, სამკურნალო მცენარეების მოსავლიანობა იმდენად შემცირდა, რომ მათი კულტივირება დაიწყეს. გერმანელები ასევე, გვეუბნებოდნენ, რომ ველურად მზარდი ფურისულა გამოილია რის გამოც მისი კულტივირება მოუწიათ. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

 —         თუ გეგმავთ ანალოგიური პროექტის განხორციელებას სხვა რეგიონებში?

ჩვენი ორგანიზაცია ეძებს დონორებს, რათა მცხეთა-მთიანეთში მუშაობა გააგრძელოს და ანალოგიური პროექტი დაიწყოს ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ჩემი მოსაზრებით, არამერქნული ტყის პროდუქციის შეგროვების კუთხით, საქართველოს ყველა რეგიონს საკმაოდ დიდი პერსპექტივები აქვს.