კახეთში მდებარე ფერმა „ნინოწმინდა 1“ ყოველდღიურად 24 000 კვერცხს აწარმოებს

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილი მეფრინველეობის ფერმა შპს „ნინოწმინდა 1“ შეღავათიანი აგროკრედიტის მენეჯერმა, ლევან დოლიძემ და კახეთის გუბერნატორის მოადგილემ, ირაკლი შიოშვილმა დაათვალიერეს. 

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის საწარმო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შეიქმნა. შპს „ნინოწმინდა 1“ მეფრინველეობის ფერმაში 40 000 ფრთა ქათამია, რომელიც ყოველდღიურად 24 000 კვერცხს აწარმოებს. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. 

კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 250 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მთლიანი თანხა შეღავათიანი აგროკრედიტია. 

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის  სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში შეიქმნა 53 ახალი საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით უკვე 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო დაფინანსდა. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ „აწარმოე საქართველოში — სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“, — აცხადებენ სამინისტროში.

 წყარო: BusinessPressNews