ეკონომიკის მინისტრი მიწის შესახებ კანონზე: გვმართებს სერიოზული ბალანსის დაჭერა

ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ დაწესებულმა შეზღუდვებმა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო პროექტებს ხელი არ უნდა შეუშალოს. ასე უპასუხა გახარიამ «საქმის კურსის» შეკითხვას, რომელიც ინვესტორთა საბჭოს რეკომენდაციებს ეხებოდა მიწის შესახებ კანონთან დაკავშირებით. 

«მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო პროექტებს ხელი არ უნდა შეეშალოს და ამის დისკრეცია მთავრობას უნდა ჰქონდეს. მიწა არის საკმაოდ შეზღუდული და მცირემიწიან, საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სოციალურად ძალზე მგრძნობიარე რესურსი. ვფიქრობ, გვმართებს ძალიან სერიოზული ბალანსის დაჭერა»,- განაცხადა გახარიამ. 

საქმე ისაა, რომ ინვესტორთა საბჭოს მიწის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერთან დაკავშირებით რეკომენდაციები აქვს. საბჭო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება, შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოდიოდეს ორმხრივი ინვესტიციების ხელშეკრულებებთან, რომელიც საქართველოს 30-მდე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. 

«ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან (1995), აღნიშნავს, რომ ამერიკელი ინვესტორებისა და კომპანიებისთვის, არ უნდა იყოს უფრო რთული საინვესტიციო პირობები, ვიდრე ეს ქართველებისთვისაა დაწესებული», — აღნიშნავს, საბჭო.

წყარო:bm.ge