ევროპიდან საქართველოს რადიოაქტიური ღრუბელი უახლოვდება

ევროპის ქვეყნების შემდეგ, ჰაერში რადიოაქტიური «რუტენიუმის» შემცველობა, შეიძლება, საქართველოშიც გაიზარდოს…

ერთი კვირაა, ევროპაში საერთაშორისო დონის სკანდალი იკრებს ძალას — საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, იტალიისა და შვეიცარიის მთავრობების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ერთიმეორის მიყოლებით განაცხადეს, რომ მათი ქვეყნების საჰაერო სივრცეში შენიშნეს რადიოაქტიური იზოტოპის — «რუტენიუმ-106»-ის შემცველობის მნიშვნელოვანი ზრდა.

რამდენიმე დღის წინ კი ჰაერში რადიოიზოტოპური «რუტენიუმის» შემცველობის ზრდა უკრაინამაც დაადასტურა, რაც ნიშნავს, რომ «რუტენიუმ-106»-ის უხილავი «ღრუბელი» აღმოსავლეთისკენ მოემართება. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ქარი, ძირითადად, სწორედ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ქრის.

აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ რამდენიმე დღეში ჰაერში «რუტენიუმ-106»-ის რადიოაქტიური იზოტოპის შემცველობა საქართველოშიც აღმოჩნდეს.

მაგრამ მოსახლეობას განგაშის საფუძველი არა აქვს, რადგან რადიოაქტიური «რუტენიუმ-106»-ის დაშვებული კონცენტრაცია ერთ კუბურ მეტრ ჰაერში 500 მილიბეკერელამდეა. კიევში აღებულმა სინჯმა მხოლოდ 1-2,2 მილიბეკერელი აჩვენა და წარმოუდგენელია, მან თბილისამდე მოღწევისას მოიმატოს, პირიქით, უნდა შემცირდეს.

როგორ გაჩნდა რადიოაქტიური იზოტოპი «რუტენიუმ-106» ატმოსფეროში ევროპის თავზე?

წესით, ეს რადიოაქტიური იზოტოპი ატმოსფეროში არ უნდა იყოს. ის შეიძლება ჰაერში მხოლოდ რაიმე რადიაციული ავარიის შემდეგ მოხვდეს — ატომურ სადგურზე თუ დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრზე. მაგრამ ბოლო დღეებში ატომურ სადგურზე ავარია არსად მომხდარა. ასეთი რამ ევროპაში რომც მომხდარიყო, ატმოსფეროში აუცილებლად გაიზრდებოდა რადიოაქტიური იოდისა და ცეზიუმის იზოტოპების კონცენტრაცია, რაც განგაშს გამოიწვევდა.

 «რუტენიუმ-106»-ის რადიოაქტიურ იზოტოპებს იყენებენ სამედიცინო ხელსაწყოებში, რომლებითაც ადამიანის თვალის ონკოლოგიურ დაავადებებს მკურნალობენ სხივური თერაპიის დროს. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთი, ან თუნდაც რამდენიმე სამედიცინო აპარატურიდან «გაჟონილმა» რადიოაქტიურმა იზოტოპმა თითქმის მთელი ევროპის საჰაერო სივრცეში დატოვა კვალი და ახლა აღმოსავლეთით «მოემართება».

ეს იზოტოპი ასევე გამოიყენება დედამიწის ზოგიერთი ხელოვნური თანამგზავრის ენერგეტიკული წყაროების სითბურ ელემენტებში (თავის დროზე საბჭოთა სადაზვერვო ხელოვნური თანამგზავრების რადიოაქტიურ სითბურ ელემენტებს სოხუმში ამზადებდნენ) და არ არის გამორიცხული, რომელიმე ძველი თანამგზავრის ევროპის თავზე ატმოსფეროში შემოსვლისა და ნაწილობრივ დაწვის დროს მისი სითბური ელემენტებიდან რადიოაქტიური იზოტოპები ჰაერში გაიფრქვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კოსმოსური და საჰაერო სივრცის რადიოლოკაციური და ოპტიკური თვალთვალის სხვადასხვა ქვეყნის სისტემებს თანამგზავრის «ჩამოვარდნა» აუცილებლად უნდა დაეფიქსირებინათ, ასეთი ინფორმაცია კი არავის გაუვრცელებია.

წყარო:allnews.ge