Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

პროგრამა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებს დაეხმარება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების  სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. 
აღნიშნული პროგრამის არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე 29 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მხოლოდ მეორად კოოპერატივებს შეეხება. 

“ბიზნესპრესნიუსი” კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფროსს გიორგი მიშელაძეს ესაუბრა: 



– ვისი ინიციატივით დაიწყო სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამა?

– ეს არის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება. პროგრამის მიხედვით, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ მესაქონლეებს, რომლებიც კოოპერატივებში არიან გაერთიანებული, შესაძლებლობა ექნებათ სათიბები და საძოვრები მრავალწლიანი იჯარით გამოიყენონ. 

– რა წესით მიმდინარეობს რეგისტრაცია?

– რეგისტრაცია ტარდება კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – www.acda.gov.ge. რეგისტრაცია 21 აგვისტოდან დაიწყო და ბოლო ვადა 2 ოქტომბრამდეა. სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში თითოეული მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთი კოოპერატივი მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, ერთზე მეტი განაცხადი თუ შემოვა, უპირატესობა იმ კოოპერატივს მიენიჭება, რომელსაც იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში მოქმედ სხვა კოოპერატივებთან შედარებით უფრო მეტი მეპაიე ჰყავს. ჩვენი მიზანია პროგრამაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და მეტმა ადამიანმა მიიღოს მისი სიკეთეები. რა არის მთავარი კრიტერიუმი უპირატესობის მინიჭებისთვის? – უპირატესობა მიენიჭება იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომლის წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მის მფლობელობაშია არანაკლებ 200 სული მეწველი საქონლისა. მათ იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა – ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი. იმ შემთხვევაში, თუ ეს 11 მეპაიე ვერ მოაგროვებს 200 სულ პირუტყვს, მათ აქვთ შესაძლებლობა მეპაიეები დაიმატონ და საჭირო სულადობა ასე მოაგროვონ. კოოპერატივს რამდენი მეწველი საქონელიც ეყოლება, საძოვარსაც ამის პროპორციულად მიიღებენ. 

– ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. რა ბედი ელით მათ?

– თუ საჭირო რაოდენობით ხალხს ვერ მოაგროვებენ, პროგრამის მონაწილეებს შეუძლიათ სხვა ადმინისტრაციული ერთეულიდანაც დაიმატონ წევრები. ამისთვის საჭირო იქნება ეს საქონელი კოოპერატივის საკუთრებად დარეგისტრირდეს. პირველი ორი წლის განმავლობაში გადასახადი 1 ჰექტარზე 1 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ – 15 ლარი. პროგრამა 29 მუნიციპალიტეტში განხორციელდება, რეგისტრირებულ კოოპერატივებს გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომლითაც ისინი შეძლებენ 

საძოვრების და სათიბების დამუშავებას. გარდა ამისა, შუაფხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მომავალ წელს რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, საწარმო გადაეცემა კოოპერატივს, რომელიც შუაფხოშია რეგისტრირებული. 

– რომელი კოოპერატივები ისარგებლებენ პრივილეგიებით?

– 3-4 კოოპერატივს შორის უპირატესობა მიენიჭება იმას, სადაც უფრო მეტი მეპაიე იქნება ჩართული. კოოპერატივებმა ერთი პირობა უნდა შეასრულონ – 2025 წლამდე ძროხების რაოდენობა უნდა გააორმაგონ. 

– რომელ რეგიონებში განხორციელდება სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამა?

– პროგრამა სულ 29 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი – თითქმის ყველა რეგიონში, გარდა სამეგრელოსი, სადაც მაღალმთიანი დასახლებები თითქმის არ არის. ამ ეტაპზე პროგრამაში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული, კოოპერატივების ნაწილი უკვე დარეგისტრირდა, ზოგგან ახალი კოოპერატივები ჩამოყალიბდა. უკვე გითხარით – როდესაც სოფელში რამდენიმე მოსახლეა, მათ საშუალება აქვთ სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ კოოპერატივში გაერთიანდნენ. მსგავსი პროგრამები რეგიონების გაძლიერებას ითვალისწინებს. საქართველოს მოსახლეობის 48% რეგიონებში ცხოვრობს და მათი კეთილდღეობა სახელმწიფოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ცოტა ხნის წინ დაიწყო კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც თაფლის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნას გულიხმობს და ძალიან დაეხმარება მეფუტკრეობის დარგში დასაქმებულ ფერმერებს, ოღონდ ეს პროგრამაც კოოპერატივებისთვის იქნება განკუთვნილი. 

წყარო: BussinesPressNews