Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები ევროკავშირში

ევროკავშირის  მცენარეთა დაცვაზე ორიენტირებული კანონმდებლობა მიზნად ისახავს ნარგავების, ხილის ბოსტნეულის, ყვავილების, დეკორატიული და ველური მცენარეების დაცვას მავნებლებისა და დაავადებებისგან. ამისათვის ევროკავშირი ახდენს ასეთი ორგანიზმების ევროკავშირის ტერიტორიაზე შემოსვლის პრევენციას. ამ მიზნის საფუძველია ევროსაბჭოს 2000/29/EC დირექტივა, ზოგადი პრინციპები კი დაფუძნებულია საერთაშორისო მცენარეთა დაცვის კონვენციის (International Plant Protection Convention (IPPC) დებულებებზე.

2000/29/EC დირექტივაში, რომელშიც ბოლო შესწორებები გაკეთდა 2017/1279 განმახორციელებელი დირექტივით, წარმოდგენილია იმ მავნე ორგანიზმების სია, რომლებსაც მიემართება სპეციფიკური საკონტროლო ზომები. ეს ზომები შესაძლოა მიმართული იყოს იმ მავნე ორგანიზმებზეც, რომლებიც არ არიან ამ ჩამონათვალში, მაგრამ აქვთ პოტენციური საფრთხე.

ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში მავნე ორგანიზმების აღმოჩენის შემთხვევაში ეს ქვეყანა ვალდებულია აცნობოს კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს, ასევე იგი ვალდებულია აღმოფხვრას ან თავიდან აიცილოს მავნე ორგანიზმების გავრცელება. იმისათვის, რომ ეს მიზანი შესრულდეს ევროკავშირი:

  • არეგულირებს სხვა ქვეყნებიდან ევროკავშირის ქვეყნებში მცენარეებისა და მცენარეთა პროდუქტების შემოტანას;
  • არეგულირებს მცენარეებისა და მცენარეთა პროდუქტების ევროკავშირის შიგნით მოძრაობას;
  • აწესებს აღმოფხვრისა და პრევენციის  ზომებს ეპიდემიების შემთხვევაში და ახდენს მათ თანადაფინანსებას;
  • იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც სურთ მცენარეებისა და მცენარეთა პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტი, აწესებს ვალდებულებებს

2000/29/EC დირექტივა 2019 წლის 14 დეკემბერს უქმდება, რომლის შემდეგაც იგი ჩანაცვლდება Regulation (EU) 2016/2031 ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაციით. ეს რეგულაცია ეხება მცენარეთა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ დამცავ ზომებს. ახალი წესები მიზნად ისახავს მცენარეთა ჯანმრთელობის რეჟიმის განახლებას, ევროკავშირის ტერიტორიისა და მისი მცენარეების დაცვისთვის უფრო ეფექტური ზომების მიღებას. ეს რეგულაციები ასევე გამიზნულია უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფასა და მცენარეთა ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირებაზე. ამ ახალი მიდგომით ისარგებლებენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები:

მოქალაქეები

  • ტყეებისა და ლანდშაფტის უკეთესი დაცვა;
  • ახალი საჯარო და კერძო მწვანე სივრცეები;
  • პესტიციდების გამოყენების შემცირდება

ფერმერები

  • გამარტივებული და უფრო გამჭირვალე დოკუმენტაცია(მცენარეთა პასპორტი);
  • პროდუქციის უკეთესი დაცვა
  • მეტი ფინანსური დახმარება მავნებლებთან ბრძოლაში

სხვა ბიზნეს ოპერატორები

  • ოპერატორების საერთო რეგისტრი
  • ჰარმონიზებული მიკვლევადობა

საჯარო ხელისუფლება

  • ევროკავშირის ფინანსური დახმარება დაკვირვებისა და აღმოფხვრა/შეკავების ზომების გატარებისას.

ევროკავშირმა შეიმუშავა მცენარეთა ჯანმრთელობის შესახებ შეტყობინების სისტემა EUROPHYT (European Phytosanitary), რომელიც წარმოადგენს შეტყობინებისა და სწრაფი განგაშის სისტემას, და აგვარებს მცენარეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ბოლო ათწლეულებში გაზრდილმა ვაჭრობამ გამოიწვია ახალი მავნებლების ევროკავშირის ტერიტორიაზე შემოსვლის რისკების გაზრდა. მავნებლებისთვის სასურველი გარემო პირობები და ბუნებრივი მტრის არარსებობა ხელს უწყობს მათ სწრაფ გავრცელებას და შესაბამისად, იწვევს გარემოს დაზიანებას, ბუნებრივი ადგილობრივი ჯიშების განადგურებას, სასოფლო-სამეურნეო წარმოების მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგს და პესტიციდების გამოყენების ზრდას. გამომდინარე აქედან ამ მავნებლების შემოსვლისა და გავრცელების წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები. ევროფიტი არის ვებზე დაფუძნებული ქსელი და მონაცემთა ბაზა, რომლის ძირითადი მახასიათებლებია:

  • ტვირთის საზღვარზე შეკავების შეტყობინება: ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შვეიცარიის მცენარეთა ჯანდაცვის ორგანოებს პირდაპირი ვებ-ლინკის საშუალებით, ევროფიტის სისტემაში ელექტრონულად შეჰყავთ მონაცემები იმ შეკავებების შესახებ, რომლებიც განახორციელეს  შეუსაბამო ტვირთებთან მიმართებით
  • სწრაფი განგაშის სისტემა: ევროფიტი დაუყოვნებლივ ატყობინებს მცენარეთა დაცვის ორგანოებს ყოველი შეკავების შესახებ. თუ კი ტვირთის შეკავება მოხდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსული იმპორტის შემთხვევაში ამ ტვირთის ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამის ორგანოებსაც ეგზავნებათ იგივე შეტყობინება.
  • მონაცემთა ბაზა და საინფორმაციო სისტემა: ყველა შეტყობინება განთავსებულია სტრუქტურირებულ ბაზაში. ევროფიტის ქსელის წევრებს აქვთ სრულყოფილი წვდომა ამ ბაზასთან და შეუძლიათ დაამუშაონ ინფორმაცია სტატისტიკურად
  • ანგარიშები: სხვადასხვა მომხმარებლებისთვის მზადდება სხვადასხვა ტიპის სტანდარტული ყოველკვირეული, ყოველთვიური, და ყოველწლიური ანგარიშები

ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში მოქმედებს ფიტოსანიტარული რისკების დაზღვევის სისტემა, ძირითადად ეს ეხება კარტოფილის წარმოებას. კომპენსაცია ფარავს საკარანტინო ქმედებების შედეგად მიღებულ პირდაპირ დანაკარგებს, როგორც წესი განადგურებული კულტურების ღირებულების 60-90%-ს თუმცა, იშვიათად ფარავს შემოსავლების შემცირებით მიღებულ დანაკარგს.

ევროფიტმა 2016 წელს სულ 8 153 შეტყობინება მიიღო ტვირთის საზღვარზე შეკავებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველი იყო ევრო სტანდარტებთან შეუსაბამობა. აქედან 7 774 შემთხვევა ეხებოდა არაწევრი ქვეყნიდან ევროკავშირში ტვირთის შეკავებას. ეს მაჩვენებელი ბევრად გაზრდილია წინა წელთან შედარებით, თუმცა დიდიწილად ეს განპირობებული იყო ხის შესაფუთი მასალის შეუსაბამობითა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემებით.

ევროკავშირი აქტიურად თანამშრომლობს ევროპული და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციასთან (EPPO), რომელიც სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციაა და უზრუნველყოფს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კოოპერაციას ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ორგანიზაცია 1951 წელს 15 წევრი სახელმწიფოს მიერ შეიქმნა, რომელსაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით 2015 წელს შეუერთდა.

EPPO-ს მიზნებია:

  • სასოფლო-სამეურნეო, ტყისა და დაუმუშავებელი ტერიტორიების მცენარეთა დაცვა
  • საერთაშორისო სტრატეგიის შემუშავება მავნებლების შემოსევისა და გავრცელების წინააღმდეგ, რომლებიც აზიანებენ როგორც დამუშავებულ, ისე დაუმუშავებელ ტერიტორიებს, ბუნებრივ და სასოფლო-სამეურნეო ეკოსისტემას
  • ფიტოსანიტარიული რეგულაციების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა
  • თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური კონტროლის მეთოდების გამოყენების ხელშეწყობა
  • მცენარეთა დაცვის დოკუმენტაციების მომზადება

წყარო:eugeorgia.info