Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივები ჰოლანდიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ

საქართველოში ENPARD-ის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოოპერატივებისთვის ჰოლანდიაში სასწავლო ტური მოაწყო. ვიზიტის ფარგლებში შედგა ბოსტნეულისა და მარწყვის სექტორის გაცნობა „ქეას“ მიერ მხარდაჭერილი 7 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის: ზანელი, ნატანები, შამათია, აგროლენდ აბაშა, მწვანე ფოთოლი, ხორგის სათბურები და დკ-ქოლგა.
სასწავლო ტური 2017 წლის 18-22 სექტემბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ENPARD-თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ ფარგლებში შედგა. იგი განხორციელდა სოფლის მეურნეობის სფეროში ცნობილ ჰოლანდიურ კოოპერატივთან – HollandDoor Cooperative U.A-თან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.
4-დღიანი ინტენსიური სასწავლო ვიზიტი ემსახურებოდა ბოსტნეულისა და მარწყვის ღირებულებათა ჯაჭვის გაცნობას. კოოპერატივის წევრები ეწვივნენ ჰოლანდიურ თესლის გამომყვან კომპანიას, სანერგეს, სუბსტრატებისა და ზრდის სისტემის კომპანიებს, ინოვაციების ცენტრსა და მარწყვისა და ბოსტნეულის მწარმოებელ ექსპორტიორ ფერმერებს, რომლებსაც პროდუქცია მოყავთ, როგორც სათბურში – ასევე ღია გრუნტზე.
აღნიშნული სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობის დამყარება ქართველ და ჰოლანდიელ ფერმერებსა და კომპანიებს შორის.  შეხვედრებზე ძირითადად ყურადღება გამახვილდა კულტივაციისა და მოსავლის აღების შემდგომ მეთოდებსა და მოდელებზე, რომელიც საქართველოს კლიმატურ პირობებს მიესადაგება.
ვიზიტის ბოლო დღეს ENPARD-ის კოოპერატივები ეწვივნენ ჰოლანდიურ ფერმერთა ასოციაციას. ასოციაციის წარმომადგენლებმა გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ქართველ ფერმერებს და ისაუბრეს კოოპერაციის საწყისებზე ჰოლანდიაში, რაც სასოფლო-სამეურნეო სფეროში ჰოლანდიელი ფერმერების წარმატების გარანტად მიიჩნევა.

წყარო:enpard.ge