Gfa

თბილისი

ატენის ქუჩა, 16ა

+995 32 2 193 003

ცხელი ხაზი

Info@gfa.org.ge

ელ-ფოსტა

აჭარაში ნედლი რძის წარმოების ზრდა იგეგმება

აჭარაში ნედლი რძის წარმოება-რეალიზაციის მაჩვენებლის ზრდა იგეგმება. ადგილობრივ ხელისუფლებას ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული გეგმები 2018 წლისთვის უკვე გაწერილი აქვს.

სოფლის მეურნეობის პროექტების ქვეპროგრამებს შორის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ მეცხოველეობის დარგის განვითარებაა.

აჭარა რძის წარმოების მიხედვით მეშვიდე ადგილზეა საქართველოს რეგიონებს შორის. აჭარის მთავრობის მონაცემებით, წლიურად აჭარაში 32 000-მდე ტონა რძე იწარმოება, თუმცა რეგიონის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის რძის პროდუქტებით დაკმაყოფილებისთვის 153 ტონამდე რძე და რძის პროდუქტებია საჭირო. ადგილობრივი წარმოება ამ მოთხოვნის მხოლოდ  21%-ს აკმაყოფილებს.

რეგიონი დეფიციტის შევსებას აჭარის ფარგლებს გარეთ წარმოებული რძის პროდუქტებით ცდილობს. ფერმერებიდან რძის შეგროვება ერთ-ერთი რთული საკითხია რამდენადაც ნედლი რძის რეალიზაციის ტექნიკური საშუალებები არ არსებობს და როგორც აჭარის მთავრობაში ამბობენ, შინამეურნეობებს არ აქვთ სტიმული აწარმოონ რძე გასაყიდად.

როგორც ცნობილია, რძე თავის დადებით თვისებებთან ერთად საკმაოდ კარგ პირობებს წარმოადგენს მიკროორგანიზმების გასამრავლებლად. რძეში ბაქტერიების ზრდის შემცირების საშუალება არსებობს რძის მოწველიდან 2 საათის განმავლობაში. ამდენად პათოგენური მიკროორგანიზმებით მისი დაბინძურების მინიმუმამდე შესამცირებლად აუცილებელია საღი რძის დროული ტრანსპორტირება ფერმერული მეურნეობიდან შესაბამისი ტარით გადამამუშავებელ საწარმომდე.

„ნედლი რძის წარმოება-რეალიზაციის კონტროლის თვალსაზრისით დაწესებული უნდა იყოს ნატურალური რძის ანალიზის აუცილებელი სისტემა. ანალიზების შედეგების მიხედვით ხდება რძის კონტროლი და მიმწოდებელი ფერმერების საიმედოობაზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება. შეგროვების პროცესი უნდა შეესაბამებოდეს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს“, – ნათქვმია 2018 წლის ქვეპროგრამის მიმოხილვაში.

ფერმერებიდან რძის ტრანსპორტირება გაციებულ მდგომარეობაში რძის გადამამუშავებელ საწარმომდე უნდა განხორციელდეს სპეციალური ავტორეფრეჟერატორებით. პროგრამის ფარგლებში 143 500 ლარი გამოიყოფა, საიდანაც 85 712 ლარი რეფრეჟერატორით აღჭურვილი ავტოტრანსპორტის შესაძენად გამოიყოფა.

რეგიონში მოქმედ რძის გადამამუშავებელ საწარმოებს დღიურად 25-30 ტონა ნედლი რძის გადამუშავება შეუძლია, ამასთან საწყის ეტაპზე რძის წარმოება-რელიზაციას განახორციელებს აგროპროექტების მართვის ცენტრი აგრომომსახურებისა და ლოჯისტიკური ცენტრების მეშვეობით.

წყარო:bpi.ge